Accentnews.ge
ISFED: აპრილ–ივნისში პოლიტიკური/სოციალური რეკლამისთვის ყველაზე მეტი თანხა "ოცნებამ" დახარჯა, რეკლამების მნიშვნელოვანი ნაწილი "აგენტების კანონპროექტს" დაეთმო

ISFED: აპრილ–ივნისში პოლიტიკური/სოციალური რეკლამისთვის ყველაზე მეტი თანხა "ოცნებამ" დახარჯა, რეკლამების მნიშვნელოვანი ნაწილი "აგენტების კანონპროექტს" დაეთმო

01/08/2024 13:13:57 პოლიტიკა, საზოგადოება

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) ინფორმაციით, აპრილ–ივნისში პოლიტიკური/სოციალური რეკლამისთვის ყველაზე მეტი თანხა "ქართულმა ოცნებამ" დახარჯა და რეკლამების მნიშვნელოვანი ნაწილი "აგენტების კანონპროექტს" დაეთმო.

"რეკლამებზე დახარჯული თანხის სიდიდით გამოირჩეოდა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, ოფიციალური გვერდი, რომელზეც 50 ათას აშშ დოლარზე მეტი ღირებულების პოლიტიკური რეკლამა განთავსდა. აღნიშნულ გვერდზე რეკლამების მნიშვნელოვანი ნაწილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს დაეთმო. პარლამენტში კანონპროექტის განხილვის პარალელურად, პარტიის ოფიციალურ გვერდზე აქტიურად მიმდინარეობდა კამპანია, ერთი მხრივ, კანონის საჭიროებასთან დაკავშირებით, ხოლო, მეორე მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დასავლელი დონორების წინააღმდეგ. მათ შორის, ვიდეო რეკლამების სახით განთავსდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი 7 საკითხი ქვეყანაში ამ კანონის მიღების მოტივაციების შესახებ. კერძოდ, გვერდზე განთავსებულ რეკლამებში, პრემიერ-მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციებს რევოლუციის მცდელობებში, მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმაში, რელიგიური სარჩულით პოლიტიკური ინტერვენციის დაგეგმვასა და რელიგიური ექსტრემიზმის მხარდაჭერაში, აგრეთვე, ლგბტ პროპაგანდის წარმოებაში, სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების ჩაგდებაში, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის სისტემატურ მცდელობასა და რუსეთთან ომის მეორე ფრონტის გახსნის კამპანიაში ადანაშაულებდა. მოცემული გზავნილების შესახებ თითოეული ვიდეოს რეკლამაში 300-დან 400 აშშ დოლარამდე დაიხარჯა.

„ქართული ოცნების“ გვერდზე განთავსებული რეკლამების მეშვეობით, ასევე, საქართველოს დასავლელ პარტნიორებსა და დონორებს ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებდნენ. მმართველი პარტიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ არ დაუშვებდნენ საქართველოს „უკრაინიზაციას“, ქვეყანაში არეულობას, ქაოსსა და ომს", – აცხადებენ ორგანიზაციაში.

მისივე ცნობით, რეკლამებზე დახარჯული თანხის ოდენობით მეორე ადგილი დაიკავა პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის, ოფიციალურმა გვერდმა, რომელზეც საანგარიშო პერიოდში 27 200 აშშ დოლარის ღირებულების რეკლამა განთავსდა. ხაზარაძის მიერ დასპონსორებული პოსტების დიდი ნაწილი საქართველოში თუ საზღვარგარეთ მცხოვრებ ამომრჩევლებთან შეხვედრებს და ამ შეხვედრებზე განხილულ საკითხებს - პენსიებს, ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნებასა და მომავალ თაობას ეხებოდა. პოლიტიკოსის ოფიციალური ფეისბუქგვერდი ყოველკვირეულად, არჩევნების მოახლოების პარალელურად, არეკლამებდა პოსტს, რომლითაც 26 ოქტომბრამდე დარჩენილ დროს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან და ქვეყნიდან წასვლამდე დარჩენილ დროსთან აიგივებდა. რეკლამების მნიშვნელოვანი წილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის კრიტიკასაც შეიცავდა. ხშირად თავსდებოდა რეკლამები ქართულ ფეხბურთთან დაკავშირებითაც.

სარეკლამო დანახარჯების მიხედვით, მესამე ადგილზე იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, ოფიციალური გვერდი, რომლის რეკლამებისთვისაც აპრილი-ივნისის პერიოდში 27 ათას აშშ დოლარზე მეტი დაიხარჯა. „მეტას“ პლატფორმებზე გაშვებული რეკლამების დიდი ნაწილი უშუალოდ გვერდის პოპულარიზაციას ემსახურებოდა და სამიზნე აუდიტორიას მისი გამოწერისკენ მოუწოდებდა. გარდა ამისა, აქტიურად თავსდებოდა პრესკონფერენციებისა და მთავრობისა და მასთან არსებული საბჭოების სხდომათა შესახებ პოსტების რეკლამები, სადაც ძირითადად მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილებოდა. მმართველი პარტიისა და მისი წარმომადგენლების სხვა გვერდების მსგავსად, პრემიერ-მინისტრის გვერდზეც აპრილისა და მაისის პერიოდში აქტიურად წარიმართებოდა კამპანია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის სასარგებლოდ. ივნისის თვეში გვერდზე განსაკუთრებით გახშირდა ფეხბურთთან დაკავშირებული რეკლამების განთავსება, მათ შორის ისეთების, რომელშიც ირაკლი კობახიძე საქართველოს ნაკრების სიმბოლიკას ატარებდა.

21 447 აშშ დოლარის სარეკლამო დანახარჯით რიგით მეოთხე იყო ტელეკომპანია „იმედის“ ფეისბუქგვერდი - „TV Imedi“. საანგარიშო პერიოდში გვერდი ყველაზე ხშირად მმართველი პარტიის ლიდერების ისეთ პოლიტიკურ განცხადებებს არეკლამებდა, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან იყო დაკავშირებული. რეკლამების დიდ ნაწილში წარმოჩენილი იყო, რომ კანონპროექტი სულაც არ იყო რუსული და ის საქართველოს ევროპული გზისგან არ აშორებდა. რეკლამების ნაწილი კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებისა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის დისკრედიტაციას ცდილობდა. პროსახელისუფლებო მედიასაშუალების გვერდზე სპონსორდებოდა ინფორმაცია მთავრობის მიერ განხორციელებული პროექტებისა და სოციალური პროგრამების შესახებაც. მრავლად იყო რეკლამაც, რომელიც ქართულ ფეხბურთს ეხებოდა. მაგალითად, ორჯერ დასპონსორდა ირაკლი კობახიძის პოსტი, რომელშიც ის 26 ივნისს საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების გამარჯვებას პროგნოზირებდა. ორივე რეკლამაში ერთად დაახლოებით 1 000 აშშ დოლარი დაიხარჯა. გვერდმა 600-დან 800 აშშ დოლარამდე დახარჯა ფეისბუქისა და ინსტაგრამის პლატფორმებზე ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების - „კრისტის“ აუქციონზე იოანე ზოსიმეს ხელნაწერის შეძენისა და სახელმწიფოსთვის გადაცემის რეკლამირებისთვის.

ტელეკომპანია „პოს ტვ“-ის ერთ-ერთმა ფეისბუქგვერდმა - „POSTV - ანალიტიკამ“ საანგარიშო პერიოდში რეკლამებზე 17 790 აშშ დოლარი დახარჯა. ამ შემთხვევაშიც რეკლამების დიდი ნაწილი მიზნად ისახავდა მმართველი პარტიის მიერ ინიციირებული კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციების მონაწილეთა და ორგანიზატორთა დისკრედიტაციას. ამასთან ერთად, გავრცელებული გზავნილები ხშირად უშუალოდ მედიასაშუალების სახელით ვრცელდებოდა. მათ შორის, სპონსორდებოდა კარიკატურები, ჰომოფობიური და სექსისტური შინაარსის პოსტები. ხშირი იყო მშვიდობიანი აქციების ძალადობრივად წარმოჩენის მცდელობაც. რეკლამების მნიშვნელოვანი ნაწილი შეიცავდა ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ღიად მადისკრედიტირებელ გზავნილებსაც", – აცხადებენ ორგანიზაციაში.

როგორც ISFED აღნიშნავს, „მეტას“ რეკლამების ბიბლიოთეკის მიხედვით, 2024 წლის 1 აპრილიდან 29 ივნისის ჩათვლით პერიოდში ფეისბუქისა და ინსტაგრამის პლატფორმებზე საქართველოში მყოფი მომხმარებლებისთვის სოციალური/პოლიტიკური რეკლამა 494-მა გვერდმა/ანგარიშმა განათავსა. რეკლამების ბიბლიოთეკაში მოცემულ პერიოდში ამ გვერდებისა და ანგარიშების მიერ გამოქვეყნებული 10 557 რეკლამა იძებნება, რაც 3 223-ით აღემატება წინა კვარტალში განთავსებული რეკლამების რიცხვს. გამოქვეყნებული რეკლამების ჯამური ღირებულება 358 035 აშშ დოლარია, 78%-ით მეტი წინა კვარტლის დანახარჯებზე.

"2024 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, აპრილი-ივნისის პერიოდში სარეკლამო დანახარჯების ზრდა გამოვლინდა გვერდების ყველა კატეგორიაში. მათ შორის, 71%-ით გაიზარდა პოლიტიკური პარტიებისა და მათი წარმომადგენლების გვერდების კატეგორიაში ფეისბუქისა და ინსტაგრამის რეკლამებისთვის დახარჯული თანხის სიდიდე. ამასთან, აღნიშნული ზრდა მნიშვნელოვანწილად გამოწვეული იყო მმართველი პარტიის წარმომადგენელთა რეკორდულად მაღალი დანახარჯით. ამავდროულად, საერთო ჯამში, გაორმაგდა მედიასაშუალებების მიერ „მეტას“ რეკლამებისთვის გადახდილი თანხის სიდიდე, რაც, ძირითადად, პროსახელისუფლებო მედიის რამდენიმეჯერ გაზრდილი ხარჯებით იყო განპირობებული. გაორმაგდა პროპაგანდისტული და ოპოზიციის მადისკრედიტირებელი გვერდების სარეკლამო დანახარჯები. წინა კვარტალთან შედარებით, 3.5-ჯერ გაიზარდა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ „მეტას“ რეკლამებში დახარჯული თანხის საერთო ოდენობაც.

წარმოდგენილი კატეგორიების უმეტეს ნაწილში სარეკლამო დანახარჯების მკვეთრი ზრდა, მნიშვნელოვანწილად, მმართველი პარტიის მიერ ხელმეორედ ინიციირებულ და მიღებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონს უკავშირდებოდა.

კანონპროექტის მხარდასაჭერად სარეკლამო კამპანია ხორციელდებოდა საქართველოს მმართველი პარტიის, პრემიერ-მინისტრისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების ფეისბუქგვერდების მეშვეობით. ამავდროულად, ამ კანონპროექტის მხარდამჭერ, მის საწინააღმდეგოდ გამართული საპროტესტო აქციების მადისკრედიტირებელ და არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კამპანიაში აქტიურად ჩართულნი იყვნენ პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებიც და მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ გვერდებიც. მათ მიერ გავრცელებული რეკლამების ნაწილი შეიცავდა ღიად ანტიდასავლურ და ჰომოფობიურ გზავნილებსაც.

ზემოხსენებულ კანონს მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ხელისუფლების მხარდამჭერი ანონიმური გვერდების რეკლამებშიც. მოცემული გვერდები, რომელთა უკან მდგომი პირებისა და დაფინანსების წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია უცნობია, ხელისუფლების მიერ ინიციირებული კანონპროექტის ერთადერთ მიზნად არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობას წარმოაჩენდნენ. მოცემული გვერდები, პარალელურად, საპროტესტო აქციების მონაწილეთა მადისკრედიტირებელ სარეკლამო კამპანიას აწარმოებდნენ და ამავდროულად, ავრცელებდნენ მმართველი პარტიის წარმომადგენელთა ევროსკეპტიკურ გზავნილებს.

საანგარიშო პერიოდში გამოქვეყნებული რეკლამების ნაწილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტიდან გამომდინარე საფრთხეების შესახებ საზოგადოების ინფორმირებაზე იყო მიმართული. ამ მხრივ, ძირითადად, საზოგადოებრივი ორგანიზაციები აქტიურობდნენ, რომლებიც კანონპროექტის რეალურ მიზნებსა და პრობლემურ შინაარსზე ამახვილებდნენ ყურადღებას. მათ შორის აღსანიშნავია ფეისბუქგვერდი „არა რუსულ კანონს“, რომელზეც, დასპონსორებული პოსტების მეშვეობით, ინიციირებული კანონპროექტის საწინააღმდეგოდ დაანონსებული აქციების შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია. გარდა ამისა, ხშირად ქვეყნდებოდა საინფორმაციო ბარათები, რომლებზეც ასახული იყო კანონპროექტთან დაკავშირებით დასავლელი პარტნიორების მიერ გამოთქმული კრიტიკული შეფასებები.

პოლიტიკური პარტიებისა და მათი წარმომადგენლების გვერდებზე 2024 წლის მეორე კვარტალში დაახლოებით 163-166 ათასი აშშ დოლარის ღირებულების რეკლამა განთავსდა. მათ შორის, მმართველი პარტიის - „ქართული ოცნებისა“ და მისი წარმომადგენლების რეკლამებზე დახარჯული თანხის წილმა ყველა პოლიტიკური სუბიექტის დანახარჯების დაახლოებით 2/3 შეადგინა. წინა კვარტალთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა სახელისუფლებო პარტიისა და მის ცალკეულ წარმომადგენელთა გვერდების სარეკლამო დანახარჯები, რამაც აპრილი-ივნისის პერიოდში 100 ათას აშშ დოლარს გადააჭარბა. ამასთან ერთად, გაორმაგდა პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ და მისი წარმომადგენლების გვერდების სარეკლამო ხარჯიც (33 211 აშშ დოლარი). ამ თანხის 82% პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის, ოფიციალურ გვერდზე განთავსებული რეკლამებისთვის დაიხარჯა. მოცემული ორი პარტიისგან განსხვავებით, წინა კვარტალთან შედარებით, მნიშვნელოვნად, 7 084 აშშ დოლარამდე, შემცირდა „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და მისი ლიდერის, გიორგი ვაშაძის, ოფიციალური გვერდების სარეკლამო დანახარჯი. ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმა კი, რეკლამების ბიბლიოთეკის მიხედვით, „მეტას“ პლატფორმებზე სარეკლამო კამპანიისთვის, ჯამურად, 20 ათას აშშ დოლარზე ნაკლები დახარჯეს", – ნათქვამია ISFED–ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S