
RSF: საქართველომ მედიის თავისუფლების რეიტინგში მნიშვნელოვანი ვარდნა განიცადა
01/08/2024 09:12:48 საზოგადოება
საერთაშორისო ორგანიზაციის "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" 2024 წლის რეიტინგში, იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც მნიშვნელოვანი ვარდნა განიცადეს, საქართველოცაა – ქვეყანა 26 ადგილით დაქვეითდა.
ზოგადად, ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, მაჩვენებელმა განიცადა საერთო ვარდნა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, "სადაც პრესის თავისუფლება არ არის გარანტირებული და მედია სულ უფრო ხშირად გამოიყენება დეზინფორმაციული კამპანიების წარმოებისთვის".
RSF-ის შეფასებით, საქართველოს მმართველი პარტია განაგრძობს საზოგადოების პოლარიზებას და სულ უფრო მტრულ დამოკიდებულებას იჩენს პრესის თავისუფლების მიმართ:
"მნიშვნელოვანი ვარდნა განიცადა საქართველომ (103-ე ადგილი), რომელიც 26 ადგილით დაქვეითდა. მისი მმართველი პარტია განაგრძობს საზოგადოების პოლარიზებას, აწარმოებს მოსკოვთან დაახლოების პოლიტიკას და სულ უფრო და უფრო მტრულ დამოკიდებულებას იჩენს პრესის თავისუფლების მიმართ".
- რუსეთი 162-ე ადგილზეა, რომელიც "აგრძელებს თავის ჯვაროსნულ ლაშქრობას დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის წინააღმდეგ, რის გამოც 1500-ზე მეტი ჟურნალისტი გაიქცა საზღვარგარეთ უკრაინაში შეჭრის შემდეგ";
- "რეგიონში ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე ქვეყნის ორი კონკურენტიდან ერთია ბელარუსი (167-ე ადგილი), რომლის მთავრობა დევნის ჟურნალისტებს „ექსტრემიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლის საბაბით, და თურქმენეთი (175-ე ადგილი), რომლის პრეზიდენტს აქვს შეუზღუდავი ძალაუფლება და კრძალავს ამბების ყოველგვარ დამოუკიდებელ გაშუქებას".
- ორგანიზაციის შეფასებით, ასევე დაეცა აზერბაიჯანის (164-ე ადგილი) ყველა მაჩვენებელი, განსაკუთრებით პოლიტიკური, წინასაარჩევნო პერიოდში მედიის დარბევის შემდეგ.
- უკრაინას 18 ადგილიანი ნახტომი (61-ე ადგილი) აქვს როგორც უსაფრთხოების ინდიკატორის გაუმჯობესების გამო (ნაკლები ჟურნალისტი დაიღუპა), ასევე პოლიტიკური კუთხით – უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებას ტერიტორიებზე პოლიტიკური ჩარევა შემცირდა.
"დასავლეთში, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა მიიღო მედიის თავისუფლების პირველი კანონი - EMFA და ის ფაქტი, რომ სამი ევროპული ქვეყანა - ნორვეგია, დანია და შვედეთი - კვლავ ლიდერობენ ინდექსში, პოლიტიკოსები ცდილობენ შეამცირონ სივრცე დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისთვის. ამ საშიში ტენდენციის სათავეში არიან უნგრეთის პროკრემლისტი პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი და მისი კოლეგა სლოვაკეთში (29-ე ადგილი), რობერტ ფიცო".
- "პრესის თავისუფლებას ევროკავშირის სამი ყველაზე ცუდი რეიტინგული ქვეყნის - უნგრეთის (67-ე ადგილი), მალტისა (73-ე ადგილი) და საბერძნეთის (88-ე ადგილი) მმართველი პარტიები პრობლემებს უქმნიან.
- ხუთი ადგილით დაეცა ჯორჯია მელონის იტალიაც (46-ე ადგილი)".
ანგარიშის მიხედვით, "პოლიტიკური ინტერესები ახშობს ჟურნალისტიკას რამდენიმე ქვეყანაში, რომლებიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატები არიან". ესენია:
- ბოსნია-ჰერცეგოვინა (81-ე),
- სერბეთი (98-ე)
- და ალბანეთი (99-ე).
- თურქეთი (158-ე) "აგრძელებს ჟურნალისტების დაპატიმრებას და მედიას ძირს უთხრის ონლაინ ცენზურისა და სასამართლო სისტემის კონტროლის გზით".
"ჟურნალისტიკისთვის პოლიტიკური გარემო ათი ადგილით გაუმჯობესდა პოლონეთში (47-ე) და 12 ადგილით ბულგარეთში (59-ე) ახალი მთავრობების წყალობით, რომლებიც უფრო მეტად ზრუნავენ მედიის უფლებებზე.
გერმანია შეუერთდა ინდექსის ათეულში შემავალ ქვეყნებს და გააუმჯობესა თავისი პოლიტიკური მაჩვენებელი ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ ჟურნალისტებზე თავდასხმების შემცირებით. საფრანგეთში (21-ე) და გაერთიანებულ სამეფოში (23-ე) პრესის თავისუფლებას საფრთხე არ ემუქრება ძირითადი პოლიტიკური დარღვევებით. თუმცა, სიფხიზლე მაინც საჭიროა, რაზეც მეტყველებს ფრანგი ჟურნალისტის, არიან ლავრილის დაპატიმრება შეიარაღებული ძალების სამინისტროს საჩივრის საპასუხოდ და ჯულიან ასანჟის პატიმრობის გაგრძელება გაერთიანებულ სამეფოში, სადაც დევნილ ჟურნალისტებს, განსაკუთრებით ირანელებს, ასევე ემუქრებიან თავიანთი წარმოშობის ქვეყნიდან, მასპინძელი ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან კი ეფექტური დაცვა არ არსებობს.“- ნათქვამია ანგარიშში.