
მთავრობა რთველის სუბსიდირებას 2024 წელსაც გააგრძელებს
01/08/2024 07:37:34 პოლიტიკა, საზოგადოება
მთავრობა რთველის სუბსიდირებას 2024 წელსაც გააგრძელებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, 2024 წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი დაახლოებით 300 000 ტონაა.
რა ეღირება ყურძენი
პრემიერის თქმით, კახეთში 1 კგ. რქაწითელის ფასი მინიმუმ, ერთი ლარი იქნება, კომპანიები კი სუბსიდიის სახით, ერთ კილოგრამზე 20 თეთრს მიიღებენ.
"ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ მიიღოს ყველა ზომა, რომ ეს მოსავალი სათანადოდ დაბინავდეს, მოხდეს სათანადოდ რეალიზაცია. ამისთვის განხორციელდება რთველის სუბსიდირება მიმდინარე წელსაც, იმისთვის, რომ სრულად დაბინავდეს მოსავალი და ფერმერებმა ადეკვატური შემოსავალი მიიღონ, ასევე ღვინის ინდუსტრიამ შეძლოს ბოლო წლების სტაბილური განვითარების ტემპის შენარჩუნება, სახელმწიფო განახორციელებს ფინანსურ ინტერვენციას. 20 000-ზე მეტ მევენახეს მოსავლის რეალიზაციის საშუალება მიეცემა, ასევე რთველში ჩართულ 500-მდე კომპანიას ექნება საშუალება, რომ ყურძნის შეუფერხებლად შესყიდვა/გადამუშავება განახორციელოს", - განაცხადა პრემიერმა.
ვინ მიიღებს სახელმწიფო სუბსიდიას
პრემიერის თქმით, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც 2024 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არა ნაკლებ 100 ტონა რქაწითელის ჯიშის ყურძენს და 1 კილოგრამის სანაცვლოდ, ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 1 ლარს.
"კახეთის რეგიონში მევენახის მიერ მოწეული ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია შეადგენს 1 კგ რქაწითელზე 20 თეთრს. საკოორდინაციო შტაბი გაიხსნება იმისთვის, რომ ორგანიზებულად მოხდეს მოსავლის ჩაბარება. ყველაფერი გაკეთდება, რომ დავეხმაროთ ჩვენს ფერმერებს და ასევე შესაბამის კომპანიებს", – განაცხადა პრემიერმა.