
რუსეთში YouTube-ის მუშაობა შეაფერხეს
01/08/2024 07:37:42 მსოფლიო
რუსეთის ტერიტორიაზე YouTube-ის მუშაობა შეფერხებულია.
იუწყებიან, რომ 1 აგვისტოს მასობრივმა შეფერხებამ მოიცვა რუსეთის ოცამდე რეგიონის ქალაქები, მათ შორის მოსკოვი და პეტერბურგი. მომხმარებლებს შეზღუდული აქვთ ვიდეოების ატვირთვა და ყურება როგორც პერსონალურ კომპიუტერებში, ისე მობილურ ტელეფონებში.
25 ივლისს, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ალექსანდრ ხინშტეინმა განაცხადა, რომ ხელისუფლება დაიწყებს ქვეყნის ტერიტორიაზე YouTube-ის მუშაობის 70%-მდე შენელებას. ხინშტეინმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ YouTube-ი რუსეთის კანონმდებლობას არღვევს.
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ YouTube-მა დაბლოკა კრემლის პროპაგანდისტების და ომის მხარდამჭერების არხები. გარდა ამისა, YouTube-ს აქტიურად იყენებენ რუსეთის ხელისუფლების მიერ დევნილი და „აგენტებად" გამოცხადებული ჟურნალისტები და აქტიისტები – იგი კრემლის პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანებისთვის ინფორმაციის მიღების ალტერნატიული წყარო გახდა.