
11 სექტემბრის ტერაქტების ორგანიზებაში ბრალდებული გამოძიებასთან გარიგებას დასთანხმდა
01/08/2024 06:47:32 მსოფლიო
2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების ორგანიზებაში ბრალდებულმა პაკისტანელმა ხალიდ შეიხ მოჰამედმა გამოძიებასთან გარიგება გააფორმა. იგივე გააკეთა კიდევ ორმა ბრალდებულმა. ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ვებ–საიტზე გამოქვეყნდა.
პენტაგონი გარიგების დეტალებს არ აკონკრეტებს.
ამერიკული მედიასაშუალებების, მათ შორის CNN-ისა და The New York Times-ის ცნობით, ხალიდ შეიხ მოჰამედი და კიდევ ორი ბრალდებული დანაშაულის აღიარების სანაცვლოდ თავიდან აიცილებენ სიკვდილით დასჯას და მათ სასამართლო სამუდამო პატიმრობის განაჩენს გამოუტანს.
მედიის ცნობით, მოლაპარაკებები 27 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და პროკურატურამ 11 სექტემბრის ტერაქტების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და გადარჩენილებს შედეგის შესახებ წერილობით უკვე აცნობა. როგორც მედია იტყობნება, ტერაქტების მთავარ ორგანიზატორად მიჩნეული ხალიდ შეიხ მოჰამედი და კიდევ ორი ბრალდებული დასთანხმდნენ თავი დამნაშავედ ცნონ ყველა პუნქტში, მათ შორის 2976 ადამიანის მკვლელობაში.
ხალიდ შეიხ მოჰამედი, რომელმაც გამოძიების თანახმად, ტერაქტები დაგეგმა და კოორდინირებას უწევდა დაფინანსებას, 2003 წელს პაკისტანში დააკავეს. 2006 წელს იგი გუანტანამოს ციხეში გადაიყვანეს. ბრალდებულები ამ დრომდე არ გაუსამართლებიათ.
2001 წლის 11 სექტემბერს, ისლამისტების მიერ გატაცებული სამი სამგზავრო თვითმფრინავი ნიუ-იორკში მდებარე მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს და ვაშინგტონში - პენტაგონს შეეჯახა. მეოთხე გატაცებული თვითმფრინავი პენსილვანიის შტატში ჩამოვარდა. ქვეყნის ისტორიაში უდიდეს ტერაქტს 3000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა ისლამისტურმა ორგანიზაცია „ალ ყაიდამ“ აიღო.
11 სექტემბრის ტერაქტს მოჰყვა აშშ-ის ანტიტერორისტული სამხედრო ოპერაცია ავღანეთში, პაკისტანსა და ერაყში.