კობახიძე: ირანი მნიშვნელოვანი სახელმწიფოა რეგიონში, რეგიონი იყო უმაღლეს დონეზე წარმოდგენილი
31/07/2024 08:17:04 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ირანში პრეზიდენტის ინაუგურაციაზე „რეგიონი იყო უმაღლეს დონეზე წარმოდგენილი“.
„ირანი არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო რეგიონში და სწორედ ამის გათვალისწინებით ამ ინაუგურაციას ესწრებოდა რეგიონის უკლებლივ ყველა სახელმწიფო. მათ შორის, ჟოზეფ ბორელის პირადი წარმომადგენელი, გაეროს გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენელი - ანუ წარმომადგენლობითი იყო. რაც შეეხება რეგიონს, რეგიონი იყო უმაღლეს დონეზე წარმოდგენილი. აქ იყვნენ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი. რეგიონი იყო თავიდან ბოლომდე წარმოდგენილი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ჟურნალისტების კითხვაზე, "ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე "თალიბანისა" და "ჰამასის" ლიდერები იყვენენ წარმოდგენილები, ისმოდა შეძახილები "სიკვდილი ამერიკას!" და ეს ყველაფერი უხერხულობას არ გიქმნიდათ?", პრემიერმა შემდეგი განაცხადა:
"ეს არის მარტივი სპეკულაცია. იმდენად სამარცხვინო სპეკულაციაა, არ ვიცი რა გიპასუხოთ. რაც შეეხება ამ თემას, მე როგორც მითხრეს პირადად ლომჯარიას ჰქონია დაველებული ამ თემის აწევა. თუმცა მაინდამაინც დიდი წარმატება ამისათვის არ აქვს. პატრონებმა დაავალეს ლომჯარიას. ლომჯარები არიან სომხეთშიც, მაგრამ სომეხ ლომჯარიებს ეს თემა სომხეთში არ აუწევიათ. რატომ? იმიტომ, რომ სომეხ ლომჯარიებს არ დაავალეს იგივე თემა, რაც დაავალეს ქართველ ლომჯარიას".
ამავე თემაზე: ვინ ესწრება ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას საქართველოს პრემიერთან ერთად
ცნობისთვის: Reuters-ის ცნობით, ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე შეძახილები „სიკვდილი ამერიკას“ და „სიკვდილი ისრაელს“ ისმოდა.
დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ თეირანში "ჰამასის" პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანია მოკლეს, რომელიც ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას ესწრებოდა.
როგორც Reuters წერს, ისმაილ ჰანია ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციიდან რამდენიმე საათში მოკლეს.


