
რუსეთმა ტაქტიკური ბირთვული ძალების წვრთნების მესამე ეტაპის დაწყების შესახებ განაცხადა
31/07/2024 07:10:17 მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 31 ივლისს განაცხადა, რომ დაიწყო არასტრატეგიული (ტაქტიკური) ბირთვული ძალების წვრთნების მესამე ეტაპი, რომელშიც მონაწილეობენ ცენტრალური და სამხრეთის სამხედრო ოლქების ქვედანაყოფები და საჰაერო-კოსმოსური ძალების პირადი შემადგენლობა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წვრთნების მესამე ეტაპზე „დამუშავდება შეიარაღებული ძალების ნაწილების მომზადების საკითხები არასტრატეგიული ბირთვული იარაღის საბრძოლო გამოყენებისთვის”.
ოფიციალური შეტყობინების მიხედვით, პირადი შემადგენლობა გამოიყენებს ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსების, „ისკანდერ-მ”-ის სპეციალურ სასწავლო საბრძოლო მასალებს.
რუსეთის ხელისუფლებამ 6 მაისს განაცხადა, რომ ტაქტიკური ბირთვული ძალების წვრთნებს ჩაატარებს. 21 მაისს თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა პირველი ოფიციალური ცნობა სწავლების დაწყების შესახებ, 11 ივნისს კი გამოაცხადა, რომ წვრთნები გადავიდა მეორე ეტაპზე და მასში ბელარუსის არმიის სამხედროებიც ჩაერთნენ.
მოსკოვმა განაცხადა, რომ წვრთნები მიმართულია „რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის უპირობო უზრუნველყოფისკენ რუსეთის ფედერაციის მიმართ დასავლეთის ცალკეული ოფიციალური პირების პროვოკაციული განცხადებების და მუქარის პასუხად“. თუმცა არ დაუზუსტებიათ, რა "პროვოკაციები" აქვთ მხედველობაში.