
"სად წავიდეთ?" – ე.წ. დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე დილიდან ხმაურია
30/07/2024 10:36:23 საზოგადოება
თბილისში, ე.წ. დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე დილიდან ხმაურია. მოვაჭრეებმა გზაც გადაკეტეს.
როგორც ირკვევა, მოვაჭრეებმა შეიტყვეს, რომ სავაჭრო ობიექტი 6 თვით სარემონტო სამუშაოების გამო იხურება. სწორედ ამას მოჰყვა დაპირისპირება ობიექტის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან.
მოვაჭრეები ხაზს უსვამენ, რომ ქალაქის მერიამ მათ ლტერნატიული ტერიტორიაც არ შესთავაზა, სადაც მუშაობის გაგრძელებას შეძლებდნენ, შესაბამისად, რჩებიან შემოსავლის გარეშე, რაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონის გათვალისწინებით, მათ უკიდურეს მდგომარეობაში აგდებს.
"15–დან დაიკეტება და უნდა წახვიდეთო! ვკითხულობთ, სად წავიდეთ? ვერ გეტყვით, თავად გადაწყვიტეთო?!",– თქვა ერთ–ერთმა მოვაჭრემ.
"გუშინ გამოგვიცხადეს, რომ უნდა დავცალოთ ბაზარი. ჩვენს უკან ათასობით ოჯახია, რომელთაც დიდი პრობლემები აქვს და ამ პრობლემების გადამჭრელები ვართ ჩვენ, რომლებიც ღამის 3 საათის შემდეგ ვდგავართ ქუჩაში",– თქვა კიდევ ერთმა მოვაჭრემ.
"ივანიშვილს მივმართავ, კობახიძეს – არავინ არ მოვალთ არჩევნებზე, ბოიკოტს გამოგიცხადებთ",– თქვა მოვაჭრემ.
მოვაჭრეები თბილისის მერთან შეხვედრას მოითხოვენ და აღნიშნავენ, რომ თუ მათ ვაჭრობის საშუალება არ მიეცემათ, პროტესტის სხვა ფორმას მიმართავენ და უკვე ცენტრალურ მაგისტრალს გადაკეტავენ.
„ეს არის ბოლო წვეთი! ყველა ემიგრანტი ვერ გავხდებით! აქ მოვიდეს კახა კალაძე! სახელმწიფომ გააკეთოს ამ ბაზრის დეცენტრალიზაცია“,- მოითხოვა აქციის მონაწილემ.
ადმინისტრაცია აცხადებს, რომ შენობას ბევრი პრობლემა აქვს და რემონტი ესაჭიროება. ამასთან, ამბობს, რომ არსებობს ალტერნატივა მოვაჭრეებისთვის დიღმის ტერიტორიაზე და ნავთლუღის ბაზარში, თუმცა მოვაჭრეებს "რატომღაც არ მოსწონთ".