ბრეგაძე – ანაკლიის საქმეზე: მოსარჩელეს მთავრობის სასარგებლოდ $650 000-ის გადახდა დაეკისრა
30/07/2024 07:50:55 პოლიტიკა
ანაკლიის პორტის საქმეზე საქართველოს მთავრობასა და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" შორის დავასთან დაკავშირებით საერთაშორისო საარბიტრაჟო პალატის გადაწყვეტილებაზე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.
მან გაიმეორა, რომ არბიტრაჟმა "ლელოს" ლიდერების – მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და სხვა ინვესტორების სარჩელი არ დააკმაყოფილა, მთავრობა სრულად გაამართლა, მისი ინფორმაციით, მოსარჩელეს მთავრობის სასარგებლოდ 650 000 დოლარის გადახდა დააკისრა.
"29 ივლისს, პარიზის არბიტრაჟმა საქართველოს მთავრობასა და შპს ანაკლიის განვითარების კონსორციუმს გადაწყვეტილება გაუზიარა, რომლის მიხედვით, ეს დავა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. დავის საფუძველს წარმოადგენდა ანაკლიაში, პორტის მშენებლობის ოპერირებისა და გადაცემის შესახებ, საქართველოს მთავრობასა და შპს ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება.
კერძოდ, ინვესტორის მიერ საინვესტიციო ვალდებულებების მრავალჯერადი დარღვევის გამო, საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა, ხელშეკრულება შეეწყვიტა. მოსარჩელე ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერებას სადავოდ ხდიდა და დაახლოებით, 1.5 მილიარდი დოლარის კომპენსაციას ითხოვდა. არბიტრაჟმა კი იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი სამართლებრივი არგუმენტები და მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და დაადგინა, რომ მთავრობის მიერ მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოსაძიებლად დადგენილი ვადების მრავალჯერ გადავადების მიუხედავად, ინვესტორმა მთლიანად საკუთარი ბრალეულობით ვალდებულების შესრულება ვერ შეძლო [...] არბიტრაჟმა დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობამ საინვესტიციო ხელშეკრულება კანონიერად შეწყვიტა და მოსარჩელის მოთხოვნა 1.5 მილიარდი დოლარის ანაზღაურების შესახებ, უარყოფილია. პირიქით, მოსარჩელეს საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 650 000 დოლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა". - თქვა ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.
ამ საქმეზე განცხადება მანამდე მამუკა ხაზარაძემაც გააკეთა. მან სასამართლოს გადაწყვეტილებას “გულდასაწყვეტი” უწოდა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
შეგახსენებთ: საქართველოს მთავრობამ 2020 წლის იანვარში ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულება ცალმხრივად გაწყვიტა, რასაც ინვესტორთა მხრიდან საარბიტრაჟო დავის დაწყება მოჰყვა. არბიტრაჟის დავის საგანი $1.5 მილიარდ დოლარს შეადგენდა.


