
დაცული ტერიტორიების სააგენტო: საქართველოში ქურციკის აღდგენის პროექტი, მათ შორის გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭრით ხორციელდება
29/07/2024 11:57:57 საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, ნუგზარ ზაზანაშვილის მრავალმხრივი გამოყენების დაცულ ტერიტორიაზე ქურციკების მეათე თაობა დაიბადა. მათი რაოდენობა უკვე 400-ს ინდივიდს აჭარბებს.
"პატარა ლიკლიკები თავს შესანიშნავად გრძნობენ. ახალშობილი ქურციკები, დაბადებიდან 2-3 კვირის განმავლობაში რთული საპოვნელია. ისინი საიმედოდ იმალებიან ბალახში და სამალავს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, ისიც სწრაფი ნახტომებით ტოვებენ. ქურციკები ძალიან ფრთხილი და ცნობისმოყვარე არსებები არიან. დედა ქურციკიც მხოლოდ იმ შემთხვევაში უახლოვდება ლიკლიკას, თუ საფრთხეს არ გრძნობს.
ქურციკი, იგივე ჯეირანი, გასული საუკუნის 60-იან წლებში გადაშენდა. 2013 წლიდან ვაშლოვანის ეროვნულ პარკში საქართველოს მთავრობისა და ბუნების დაცვისმსოფლიო ფონდის WWF - გერმანიის და WWF- ავსტრიის ინიციატივით, გერმანიის მთავრობის (BMZ,KfW) ფინანსური მხარდაჭრითა და აზერბაიჯანის მთავრობის აქტიური ჩართულობით ქურციკის აღდგენის პროექტი წარმატებით ხორციელდება", – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.