
სანდრო ბაზაძე: „იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ფარიკაობას თავს არ დავანებებ“
28/07/2024 08:50:06 საზოგადოება
მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, რომელიც 27 ივლისს, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მსაჯთა გადაწყვეტილებით, ეგვიპტელ ამერთან დამარცხდა, სოციალურ ქსელში წერილს ავრცელებს და აცხადებს, რომ ფარიკაობა ის სპორტია, სადაც წლებია „განუკითხაობაა და საშინელებები ხდება“.
„ყველგან ამას ვამბობდი მსაჯი, თუ წესიერი იქნება, მე ოლიმპიადას აუცილებლად მოვიგებ-მეთქი“, - წერს მოფარიკავე.
მისი თქმით, ფარიკაობაში ოლიმპიური ჩემპიონობა, პირველივე დღიდანვე მისი მიზანი იყო, მაგრამ მას „ამის საშუალება არ მისცეს:
„მე არ დავანებებ თავს, იმის მიუხედავად, რომ ძალიან იმედგაცრუებული ვარ და გულგატეხილი“.
განცხადება საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამაც გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ, საზოგადოების დიდი ნაწილის აზრით, პარიზის ოლიმპიადაზე სანდრო ბაზაძე, სავარაუდოდ, მსაჯების მხრიდან დაიჩაგრა.
„არა მხოლოდ გადამწყვეტი ქულა, არამედ სანდროს მიერ მიყენებული 5 დარტყმაც მოწინააღმდეგეს ჩაეთვალა“, - წერია განცხადებაში.
ფედერაციამ ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომისიის პრეზიდენტს საჩივრის წერილი გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნულია ყველა გარემოება, რომლის მიხედვითაც, სანდრო ბაზაძეს უსამართლოდ მოექცნენ.