
"400–ლარიანი ჯებირის საქმეზე" დაკავებულ ახალგაზრდებს თავდებში კიდევ ორი დეპუტატი უდგება
26/07/2024 13:35:44 საზოგადოება
"ერთიანობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე და დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია მზადყოფნას გამოთქვამენ, "ლელოს" წევრ ანა ნაცვლიშვილის ინიციატივას შეუერთდნენ და "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებულ 2 ახალგაზრდას თავდებში ჩაუდგნენ. 19 და 23 წლის ახალგაზრდები რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 400-ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის დააკავეს, რომელიც უკვე გადახდილია. მოსამართლე ნათია გუდაძე მათი აღკვეთის ღონისძიებას პატიმრობას გირაოთი არ ცვლის.
"ანა ნაცვლიშვილისგან ამ ინიციატივას მივესალმები. მე მზად ვარ, მას შევუერთდე და ჩათვალეთ, რომ ამ დოკუმენტზე ჩემი ხელმოწერა არის". - თქვა ვაშაძემ.
აქუბარდია პროცესს სადამსჯელო ღონისძიებას უწოდებს: "იქამდე, სანამ სექტემბერი მოვა, "ქართული ოცნება" სამაგალითო/სანიმუშო დასჯაზე გადავიდა იმისთვის, რომ ხალხი კიდევ უფრო დააშინონ და ახალგაზრდა ადამიანებს 400-ლარიანი ჯებირის დაზიანების გამო, გრძელვადიანად საპატიმროში უშვებენ"
ის არ ფიქრობს, რომ თავდებობა "ამას უშველის", მაგრამ "თუ შესაძლებლობა და საჭიროება იქნება, რომ ეს ხალხი მეც დავიცვა, ამისთვის მზად ვარ".
ნაცვლიშვილი 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილსა და 23 წლის საბა მეფარიშვილს თავდებში ჩაუდგა და იმავეს გაკეთებისკენ მოუწოდება კოლეგებს.
პროკურატურა მათ პარლამენტთან აღმართული რკინის დამცავი ჯებირის დაზიანებას ედავება –ზიანის ჯამური ღირებულებაც 400 ლარია, თუმცა ახალგაზრდებს წაყენებული მუხლით (სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ) ქვეპუნქტი) 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.