
რუსეთის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გენერალი ბულგაკოვი დააკავეს
26/07/2024 11:53:20 მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, არმიის გენერალი დიმიტრი ბულგაკოვი დააკავეს. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ამის შესახებ პარასკევს რუსეთის ФСБ-მ და საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადეს.
ბულგაკოვი 2008 წლიდან 2022 წლამდე რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა და შეიარაღებული ძალების ლოგისტიკის საკითხებს კურირებდა. ის თანამდებობიდან 2022 წლის 24 სექტემბერს, მობილიზაციის გამოცხადებიდან მალევე გადააყენეს.
კონკრეტული მუხლი არ სახელდება, ФСБ და საგამოძიებო კომიტეტი მხოლოდ იმას ამბობენ, რომ საუბარია კორუფციულ დანაშაულზე.
ასევე უცნობია საქმის დეტალები, მათ შორის, ის, თუ როდის დააკავეს ბულგაკოვი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან აფილირებული ტელეგრამ–არხი „Rybar“ წერს, რომ საგამოძიებო მოქმედებები ჯერ კიდევ მაისში ჩატარდა. ახლა, როგორც ცნობილია, ის მოსკოვის ლეფორტოვოს წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული და მასთან მიმართებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ბულგაკოვს რუსეთის გმირის წოდება 2016 წელს მიენიჭა "სირიაში რუსული ჯგუფის მომარაგების ორგანიზებისთვის".
ის თანამდებობაზე 2022 წელს შეცვალა გენერალმა მიხაილ მიზინცევმა, რომელიც, თავის მხრივ, თანამდებობიდან 2023 წლის აპრილში გადააყენეს.
ბულგაკოვი კიდევ ერთი მაღალი რანგის სამხედრო პირია, რომელიც ბოლო თვეებში სისხლისსამართლებრივი დევნის ქვეშ მოექცა. აპრილში დააკავეს ტიმურ ივანოვი, თავდაცვის მინისტრის კიდევ ერთი მოადგილე. ბულგაკოვისგან განსხვავებით, ივანოვი დაკავების დროს მინისტრის აქტიური მოადგილე იყო.