
მებო ნუცუბიძე: გადაცემის „აკუსტიკა“ წამყვანები შეცვალეს
26/07/2024 08:57:12 საზოგადოება
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ერთ-ერთი პოპულარული პროექტის „აკუსტიკა“ წამყვანები შეცვალეს. ამის შესახებ მებო ნუცუბიძემ სოციალურ ქსელში დაწერა. იგი და მაკო მჭედლლიშვილი ბოლო წლებია, ამ გადაცემის წამყვანები იყვნენ.
„აკუსტიკა“ მუსიკალური პროექტია, რომელშიც ცნობილი სიმღერები გათანამედროვებული ვერსიებით ჟღერდება. Youtube-ზე ვიდეორგოლები მილიონობით ნახვას აგროვებს.
„9 ივნისს, მაკომ და მე მაყურებელს მადლობა გადავუხადეთ, მომავალ სეზონამდე დავემშვიდობეთ და დავპირდით, რომ კიდევ უფრო მეტი სიახლითა და საინტერესო ამბებით დავუბრუნდებოდით.
სამწუხაროდ, ვერც მაკო და ვერც მე პირველი არხის ეთერში ამ დანაპირებს ვეღარ შევასრულებთ. გუშინ, ჩვენთვის აბსოლუტურად მოულოდნელად დასრულდა ჩვენი აკუსტიკური მოგზაურობა“, - წერს მებო ნუცუბიძე.
მებო ნუცუბიძე ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომელიც ეწინააღმდეგებოდა „აგენტების კანონის“ მიღებას.
რატომ მიიღეს "საზოგადოებრივ მაუწყებელში" ეს გადაწყვეტილება უცნობია .