
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე ორი დაკარგული მოქალაქის ძებნა-შველის ოპერაცია მიმდინარეობს, ვერტმფრენის ჩართვა ამ ეტაპზე ვერ ხერხდება
25/07/2024 15:35:50 საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, სახანძრო-სამაშველო ძალების თანამშრომლები მეორე დღეა, მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე ორი დაკარგული მოქალაქის ძებნა-შველის ოპერაციას ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ.
მისი ცნობით, ძებნა-შველის ოპერაციაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების თბილისის, იმერეთისა და მესტიის სამთო სამაშველო ძალები და სამაშველო დრონები არიან ჩართული. სამაშველო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა, მეტეოროლოგიური პირობების გამო, ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.
„საძიებო სამუშაოებში სახანძრო-სამაშველო ძალებთან ერთად ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი. მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში 24 ივლისს შემოვიდა, რის შემდეგაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მყისიერი რეაგირება მოახდინა“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.