სახელმწიფო დეპარტამენტი: ჩვენი პოლიტიკა საქართველოს მთავრობის ქმედებებზეა დამოკიდებული
24/07/2024 20:17:57 პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მეთიუ მილერის განცხადებით, ისინი აგრძელებენ საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვას, ხოლო მათი პოლიტიკა "ქართული ოცნების" ქმედებებზე, "კურსის ცვლილებაზე" იქნება დამოკიდებული.
"თუკი ჩვენს ქმედებებს გადახედავთ, მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ვაპირებთ საქართველოს მთავრობის განსჯას მათივე პოლიტიკის საფუძველზე, ხოლო ჩვენი პოლიტიკა დამოკიდებულია მათ ქმედებებზე. სახელმწიფო მდივანმა გამოაცხადა საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების გადახედვის შესახებ. ნახეთ, რომ დავაწესეთ დამატებითი შეზღუდვები, სანქციები ოფიციალური პირების მიმართ და [ურთიერთობის] გადახედვა გრძელდება.
ჩვენ ყოველთვის ვიმედოვნებთ, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხრივ უკუსვლას იწყებს, შეიცვლის კურსს. განსაკუთრებით, როდესაც ვხედავთ, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობა აფიქსირებს კურსის ცვლილების სურვილს. ამავე დროს, ვაგრძელებთ ჩვენი პოლიტიკის განვითარებას, იმ რეალური შემთხვევის ირგვლივ, როდესაც ასე არ იქცევიან [კურსს არ ცვლიან]. სწორედ ამას ვაკეთებთ ახლა", - განაცხადა მეთიუ მილერმა 24 ივლისს სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე.


