
შოლცმა ხანგოშვილის მკვლელის შესაძლო გაცვლის კომენტირებაზე უარი თქვა
24/07/2024 15:42:09 პოლიტიკა, საზოგადოება
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა კომენტარი არ გააკეთა ФСБ–ს სავარაუდო ოფიცრის, ვადიმ კრასიკოვის შესაძლო გაცვლაზე, რომელსაც გერმანიაში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.
შეკითხვა რუსეთის მოქალაქის შესაძლო გაცვლაზე, მათ შორის ბელარუსში სიკვდილმისჯილ გერმანიის მოქალაქესა და რუსეთში მსჯავრდადებულ ამერიკელ ჟურნალისტებზე, შოლცს ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე დაუსვა რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა.
შოლცს ჰკითხეს შესაძლო სამართლებრივი და პოლიტიკური პირობების შესახებ, რომლებითაც კანცლერი დათანხმდებოდა მსგავს გაცვლას.
„სახელმწიფო ინტერესების დაცვის პრინციპი არ მაძლევს მსგავს თემებზე სპეკულირების უფლებას“, - უპასუხა შოლცმა.
მანამდე მედიამ არაერთხელ გაავრცელა ცნობები ამგვარი გაცვლის ვარიანტების განხილვის შესახებ. გაცვლის კანდიდატთა შორის სახელდება Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი. რუსულმა სასამართლომ მას 16 წელი მიუსაჯა. პუტინმა ერთ-ერთ ინტერვიუში მიანიშნა, რომ მზად არის ასეთი გარიგებისთვის.
2019 წლის აგვისტოში ბერლინის ცენტრში მოკლეს ჩეჩენი ყოფილი საველე მეთაური, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი. პოლიციამ მკვლელი მალევე დააკავა. მას აღმოაჩნდა ვადიმ სოკოლოვზე გაცემული დოკუმენტი. გერმანულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ სოკოლოვი იგივე კრასიკოვია და რომ ხანგოშვილი მან კრემლის დავალებით მოკლა.