
მედია: დავოსში რუსული სპეცსამსახურების ოპერაცია აღკვეთეს
21/01/2020 14:10:07 მსოფლიო
2019 წლის აგვისტოში, შვეიცარიის სპეცსამსახურებმა დავოსში რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ორი სავარაუდო აგენტი გამოავლინეს,– ამის შესახებ ინფორმაცია შვეიცარიულმა გამოცემა Tages-Anzeiger მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის საიუბილეო გახსნასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა.
გამოცემის ცნობით, გასული წლის აგვისტოში შვეიცარიის უსაფრთხოების სამსახურის ყურადღება მიიპყრო ქვეყანაში მყოფმა ორმა რუსმა. ერთ–ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ „სანტექნიკოს“ იყო. ამასთან, რუსებმა განაცხადეს, რომ ისინი ქვეყანაში დარჩენას სამი კვირით გეგმავენ, თუმცა კონკრეტული გეგმების დასახელება ვერ შეძლეს. ამ ყველაფერმა უსაფრთხოების სამსახური დააეჭვა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი საეჭვო გარემოება პასპორტებს უკავშირდება: ორივე „ტურისტს“ თან რუსული დიპლომატიური პასპორტი ჰქონდა, რაც გამოცემას ადგილობრივ პოლიციაშიც დაადასტურეს.
რუსული მხარე სავარაუდო აგენტების დაკავების შემთხვევაში „დიპლომატიური შედეგებით“ იმუქრებოდა,– წერს გამოცემა. კითხვაზე, რატომ ფლობდნენ რიგითი სანტექნიკოსები დიპლომატიურ პასპორტებს, ბერნში რუსეთის საელჩოს პრეს–სპიკერმა უპასუხა, რომ დიპლომატიურ პასპორტებს მხოლოდ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არ ფლობენ.
გამოცემის წყაროს ცნობით, აგენტებს შეეძლოთ, დავოსში მოემზადებიათ ოპერაცია მოსმენების ან „ჰაკერული“ თავდასხმებისთვის ეკონომიკური ფორუმის მიმდინარეობისას. საბოლოო ჯამში რუსეთის მოქალაქეები გაუშვეს, ვინაიდან მათი ჯაშუშური საქმიანობა „ვერ დამტკიცდათ“.
დღეს ცნობილმა ფინანსისტმა უილიამ ბროუდერმა განაცხადა, რომ რუსული სპეცსამსახურების სამიზნე თავად იყო. აღნიშნულს კი უკავშირებს მის მცდელობას, საჯაროდ ამხილოს რუსეთის ხელისუფლება ადვოკატ სერგეი მაგნიცკის მკვლელობაში.
„გასულ კვირას შვეიცარიის სპეცსამსახურებიდან დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ საფრთხე მემუქრებოდა, ეს საფრთხე კი რუსეთიდან მომდინარეობდა“,– განაცხადა ფინანსისტმა.
ცნობისთვის: დავისში საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები ესწრებიან.