
ნიკოლოზ რაჭველი: იმის გამო, რომ ვიდექი აქციებზე, საკმაოდ შემიმცირდა საკონცერტო ცხოვრება საქართველოში
23/07/2024 15:23:42 საზოგადოება
ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი ვარაუდობს, რომ მისი კრიტიკული განცხადებების გამო საქართველოში მისი კონცერტების რაოდენობა შემცირდა.
რაც შეეხება, არჩევნებზე მის როლს, ნიკოლოზ რაჭველი აცხადებს, რომ მზადაა, ტრენინგი გაიაროს და არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე დამკვირვებლად დარეგისტრირდეს.
"ყველაზე კარგად ალბათ, გამომდის ჩემი საქმე და მუსიკა და სცენაზე ყოფნა, თუმცა იმის გამო, რომ ბოლო პერიოდში აქტიურად ვუჭერდი მხარს იმ მოძრაობებს "რუსული კანონის" წინააღმდეგ და ვიდექი აქციებზე, რამდენჯერმე საჯაროდ გავაკრიტიკე ის პოლიტიკური პროცესი, რაც ჩვენი მთავრობის მიერ ხდებოდა, ამის გამო, მინდა, ვთქვა, რომ საკმაოდ შემიმცირდა საკონცერტო ცხოვრება საქართველოში. [...] დღეს გამოვთქვით აზრი, რომ რატომ არ შეიძლება, ჩავაწეროთ იმ პროგრამაში, რომელიც არის ახალგაზრდა ელჩები ევროპის, ამიტომ ჩვენც დავტრენინგდებით და სიამოვნებით გავნაწილდებით საარჩევნო უბანზე, რომ დავიცვათ საარჩევნო ხმები", ამბობს რაჭველი "ტვ პირველთან" საუბრისას.
ცოტა ხნის წინ სამოქალაქო მოძრაობა "აირჩიე ევროპას" ერთ-ერთი დამფუძნებლმა ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა, რომ დაიწყება ერთობლივი პროექტების განხორციელება, მათ შორის - "საქართველოს ევროპული ელჩები", სადაც დარეგისტრირდებიან ახალგაზრდები მთელი საქართველოდან. პროექტის მიზანი იქნება 26 ოქტომბერს "არც ერთი ევროპული ხმა სახლში არ დარჩეს".