
„ევოლუშენი": გავრცელებული მიმოწერები მიუღებელია, ინციდენტში მონაწილე პირები ტოვებენ ევოლუშენის გუნდს
23/07/2024 12:47:04 საზოგადოება
„ევოლუშენ ჯორჯია” მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ გავრცელებული ინფორმაცია თანამშრომლების მიმოწერასთან დაკავშირებით „კატეგორიულად მიუღებელია” და ამის გამო, „ინციდენტში მონაწილე პირები ტოვებენ „ევოლუშენის” გუნდს”.
„გაცნობებთ, რომ დასრულდა შიდა მოკვლევა რომლის შედეგების გაზიარებამდეც, გვსურს, კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც რამდენიმე თანამშრომლის მიმოწერას ეხება, კატეგორიულად მიუღებელია და ეწინააღმდეგება ევოლუშენის ქცევის კოდექსსა და ჩვენს საერთო ღირებულებებს. სწორედ ამიტომ, ინციდენტში მონაწილე პირები ტოვებენ ევოლუშენის გუნდს.
თანამშრომელთა ნებისმიერ რგოლში დაფიქსირებულ მიუღებელ ქმედებას ვუდგებით მკაცრად, სამართლიანად და ვმოქმედებთ საქართველოში მოქმედი კანონის შესაბამისად. ამდენად, მზად ვართ, მივიღოთ ყველა დამატებითი ზომა, რათა აღმოვფხვრათ მსგავსი ინციდენტების განმეორების რისკი და სწორედ ამიტომ, ვაგრძელებთ საკითხის შემდგომ შესწავლას.
კომპანიისთვის მიუღებელი ქმედებების დაფიქსირების შემთხვევაში ვიმოქმედებთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ევოლუშენის ღირებულებების მოთხოვნათა დაცვით.
ამ კონკრეტული გადაწყვეტილების გარდა, ასევე ვიღებთ პროაქტიულ ზომებს კომპანიის თითოეულ თანამშრომელში ჩვენი ღირებულებებისა და სტანდარტების გასაძლიერებლად. მათ შორის, სხვადასხვა სასწავლო პროგრამების გაძლიერებას, რომელიც შექმნილია პოზიტიური და პატივისცემაზე დამყარებული სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად”, – ნათქვამია განცხადებაში.
"ევოლუშენ ჯორჯიას" თანამშრომლების ნაწილის პროტესტი არ ჩერდება. უკვე 12 დღეა, აზარტული თამაშების ოპერატორ კომპანიას თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ანაზღაურების გაზრდას სთხოვენ. გაფიცულთა მცირე ნაწილი ღამეს ისევ ქუჩაში გაშლილ კარვებში ათევს. გაფიცვამდე მიმდინარეობდა მედიაციის პროცესიც, რომელიც 2024 წლის 4 ივნისს დაიწყო და 24 ივნისს შეთანხმების გარეშე დასრულდა.