პეტრე მამრაძე "ერთიან ნეიტრალურ საქართველოს" შეუერთდა
23/07/2024 10:21:24 პოლიტიკა
პრორუსი პოლიტოლოგი, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის ყოფილი აპარატის უფროსი, ყოფილი პარლამენტარი პეტრე მამრაძე მოძრაობა „ერთიან ნეიტრალურ საქართველოს“ შეუერთდა.
ამ ორგანიზაციის პრეზენტაცია 10 ივლისს გაიმართა. მის დამფუძნებლებს შორის არიან ვატო შაქარიშვილი, ბიძინა გიორგობიანი, ნანა კაკაბაძე, გელა ნიკოლაიშვილი და ლევან ნიკოლეიშვილი.
პეტრე მამრაძე ამბობს, რომ ქართველი ხალხი "თავს მოხვეული პროპაგანდისა და ცრუ ნარატივების" მსხვერპლი გახდა.
"ამ რთულ პერიოდში, როდესაც ჩვენი ქვეყანა ბეწვის ხიდზე გადის, დასავლეთის პარტნიორების მხრიდან ნაცვლად თანადგომისა, სრულიად არამეგობრული, უსამართლო დამოკიდებულება და ცილისმწამებლური კამპანია ხორციელდება. ცოტა ხნის წინათ, ევროპული ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები ოპოზიციის მიტინგზე მივიდნენ, სცენაზე ავიდნენ და მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ, თან აცხადებდნენ, რომ ევროგაერთიანებაში შესვლას მხოლოდ ხელისუფლების მიერ მიღებული კანონი გამჭვირვალეობის შესახებ უშლის ხელს - რაც აბსურდული ტყუილია! ჩვენი ხელისუფლება კი ხალხს ისევ ჰპირდება რომ 2030 წლისთვის საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება. ბევრჯერ მითქვამს - არც ევროკავშირში და არც ნატოში ჩვენი მიღება, 2008 წლის აგვისტოდან მოყოლებული, საერთოდ არ განიხილება.
ასეთ ვითარებაში ჩვენში არსებულმა ანტიეროვნულმა ძალებმა ,,პროდასავლურობის’’ ნიღაბი მოირგეს და დასავლეთში თავისი ლობისტების დახმარებით დეზინფორმაციის მასობრივ კამპანიას ახორციელებენ",– ამტკიცებს ის.
პეტრე მამრაძე 1992-1995 წლებში იყო პარლამენტის წევრი, 1995-2003 წლებში ედუარდ შევარდნაძის სახელმწიფო კანცელარიის ხელმძღვანელი, 2003-2008 წლებში მიხეილ სააკაშვილის დროს მთავრობის კანცელარიის ხელმძღვანელი. 2008 წელს "ნაციონალური მოძრაობის" სიით პარლამენტის წევრი გახდა, თუმცა იმავე წლის ნოემბერში საპარლამენტო უმრავლესობის რიგები დატოვა. მამრაძე რეგულარულად მონაწილეობს ქართული პრო-სამთავრობო და რუსული ტელეარხების გადაცემებში.


