Accentnews.ge
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის ყოფილი წევრები განმარტავენ, რატომ არის პრობლემური და საფრთხის შემცველი პრეზიდენტის განკარგულების შეჩერება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის ყოფილი წევრები განმარტავენ, რატომ არის პრობლემური და საფრთხის შემცველი პრეზიდენტის განკარგულების შეჩერება

23/07/2024 07:23:49 პოლიტიკა, სამართალი, საზოგადოება

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის ყოფილი წევრები, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება შეჩერდა, განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებას, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს, უცვლელად გთავაზობთ:

„როგორც საზოგადოებისთვისაა ცნობილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატის შესარჩევმა კომისიამ ღია კონკურსის, წარმოდგენილი ვრცელი დოკუმენტაციისა და საჯაროდ წარმართული გასაუბრებების საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის ორი კანდიდატურა - გიორგი ბურჯანაძის და კახა წიქარიშვილის კანდიდატურები წარუდგინა, რომელთაგან პრეზიდენტმა საბჭოს წევრად, 15 ივლისის განკარგულებით, კახა წიქარიშვილი დანიშნა.

მიმდინარე წლის 22 ივლისს კი, ცნობილი გახდა, რომ კონკურსის ერთ-ერთმა მონაწილემ პრეზიდენტის აღნიშნული განკარგულება გაასაჩივრა, სადაც საჩივარში ითხოვდა პრეზიდენტის განკარგულების ბათილად ცნობას, პრეზიდენტის განკარგულების დროებით შეჩერებასა და ასევე, მის დანიშვნას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. მოსამართლემ, სანამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღებოდა, დროებითი შეჩერების მექანიზმი გამოიყენა და დროებით შეაჩერა პრეზიდენტის განკარგულება, რაც ჩვენი შეფასებით, ძალიან პრობლემური და სერიოზული საფრთხის შემცველია.

როგორც საზოგადოებისთვისაა ცნობილი, კომისიამ მუშაობა დაასრულა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტს წარუდგინა რეკომენდაციები კონკრეტული კანდიდატების თაობაზე. თუმცა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, საზოგადოებას მივაწოდოთ ჩვენი, როგორც კომისიის ყოფილი წევრების მოსაზრება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდინარე წლის 22 ივლისის განჩინებასთან დაკავშირებით.

მოსამართლე ლეილა ფოლადაშვილმა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დააკმაყოფილა და პრეზიდენტის განკარგულების მოქმედება შეაჩერა სამართალწარმოების დასრულებამდე, აგრეთვე, 5 თვის ვადით აუკრძალა პრეზიდენტს ახალი კონკურსის, ან ნებისმიერი ფორმით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხვა წევრის დანიშვნა.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით, მოსამართლე ლეილა ფოლადაშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და შეიჭრა კონსტიტუციის 52-ე მუხლით გარანტირებულ საქართველოს პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაში, დამოუკიდებლად შეარჩიოს და დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი არამოსამართლე წევრი.

აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ აგრეთვე უგულებელყო ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ (მე-3 მუხლი) დანაწესი, რომელიც არ ავრცელებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედებას საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობაზე.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ ემსახურება კანონის უზენაესობისა და საჯარო ინტერესებს და ამ გზით, სასამართლო ცდილობს, უხეშად ჩაერიოს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს, საქართველოს პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაში. აღნიშნული გადაწყვეტილება განსაკუთრებით სახიფათოა იმ ფონზე, რომ ამ გზით, სასამართლომ ფაქტობრივად თვითნებურად აღიჭურვა თავი, გააკონტროლოს - ვინ შეიძლება დანიშნოს პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად და ვინ - არა.

ნიშანდობლივია ისიც, რომ მოსამართლემ იმავე განჩინებით, საქმის განსახილველად განსაზღვრული ზოგადი 2- თვიანი ვადა 5 თვემდე გაახანგრძლივა, რაც კიდევ უფრო ახანგრძლივებს აღნიშნული გადაწყვეტილების ეფექტს და აჩენს პრეზიდენტის, როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს პარალიზების რისკებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება სახიფათო და დამაზიანებელი პრეცედენტია, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და რომლითაც ზიანდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიშვალდებულება და ღიაობა. აღნიშნული გადაწყვეტილებით ზიანი ადგება არა მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტს და მის ეფექტიანობას, არამედ კიდევ უფრო ზიანდება და მცირდება მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის მიმართ ისედაც დეფიციტური ნდობა,“ - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის: 22 ივლისს ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ იუსტიციის საბჭოში კახა წიქარიშვლის დანიშვნაზე პრეზიდენტის განკარგულება შეაჩერა.

"უპრეცედენტო რამ მოხდა – სასამართლოს ხელისუფლება პირდაპირ და უკანონოდ ჩაერია პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში",– განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.

ამავე თემაზე: წიქარიშვილი: წვდომა მექნებოდა ბევრ ინფორმაციაზე და ამის შეეშინდა სისტემას!

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S