
ეროვნული ბანკი ეკონომიკის 5%–იან ზრდას პროგნოზირებს
21/01/2020 09:28:43 ეკონომიკა
ეროვნული ბანკი ახალ საბაზო სცენარს აქვეყნებს, რომელიც მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის უახლეს გამოცემას ეფუძნება. ამ სცენარის მიხედვით, მომდევნო წლებში ეკონომიკური აქტივობა არსებულ ტენდენციას შეინარჩუნებს. ამასთანავე, საქონლისა და მომსახურების სავაჭრო ბალანსი გაუმჯობესებას განაგრძობს, რაც რეალური მშპ-ს ზრდაში დადებით წვლილს შეიტანს.
ასევე როგორც ეროვნული ბანკი აღნიშნავს, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სახელმწიფო დანახარჯების დაჩქარების გათვალისწინებით, მოსალოდნელია ადგილობრივი მოთხოვნის ზრდა.
სებ-ის მონაცემებით, ეკონომიკურ ზრდაზე ინფლაციის ზრდის პირობებში გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკით გამოწვეულ ნეგატიურ პროცესებს, წმინდა ექსპორტისა და ფისკალური სტიმულის ზრდა გარკვეულწილად ანეიტრალებს.
საბაზო სცენარში რეალური მშპ-ს წლიური ზრდის პროგნოზი 2020 წელს 4.5 პროცენტია. საშუალოვადიან პერიოდში, საგარეო შოკების ეფექტის ამოწურვისა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ნეიტრალურ დონემდე შემცირების კვალდაკვალ კი, მოსალოდნელია ეკონომიკური დონის 5 პროცენტამდე მაჩვენებლით გაუმჯობესება.
გარდა ამისა, ეროვნული ბანკის საბაზო სცენარის მიხედვით, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუბრუნდება. კერძოდ, 2020 წლის პირველ ნახევარში ინფლაცია 3 პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება, რაც ბოლო პერიოდში გაცვლითი კურსის გაუფასურების გამო იმპორტირებული ინფლაციისა და შუალედური დანახარჯებს გაზრდილი წვლილითაა განპირობებული.
ამასთან, როგორც სებ-ში აცხადებენ, 2020 წლის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ინფლაციის მიზნობრივ ნიშნულზე მეტად შემცირება, რასაც გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა განაპირობებს.
„საშუალოვადიან პერიოდში გაუმჯობესებული ეკონომიკური აქტივობა და ეფექტური გაცვლითი კურსიდან მომდინარე ეფექტის შემცირება ინფლაციის მიზნობრივ ნიშნულთან დაახლოებას შეუწყობს ხელს“, – განმარტავენ ეროვნულ ბანკში.
2019 წელს ინფლაციის ზრდის შესაჩერებლად ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9 პროცენტამდე გაზარდა.