კობახიძე: "ტრამპის მოგების შემთხვევაში უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება, რეგიონი უფრო მალე დამშვიდდება და საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვლება"

22-07-2024 11:50:24 პოლიტიკა ,ციტატა

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერავის არჩევნებში ვერ ჩავერევით, მითუმეტეს ამხელა ქვეყნის, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენ ვერანაირად ვერ ჩავერევით. ეს არ არის ჩვენი საქმე. ერთადერთი, რაც შეიძლება ითქვას, ტრამპი თუ გაიმარჯვებს არჩევნებში უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება და შესაბამისად, უფრო მალე დამშვიდდება ჩვენი რეგიონი, რაც შეცვლის დამოკიდებულებას კონკრეტულად საქართველოს მიმართაც. თუ იქნება მშვიდობა რეგიონში საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვლება. ეს არის ერთადერთი, რაც შეიძლება ამასთან დაკავშირებით ითქვას. დანარჩენი არის ამერიკელი ხალხის არჩევანი. ამერიკელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება აშშ-ს პრეზიდენტი. „ოპოზიცია არა მხოლოდ აკრიტიკებდა ტრამპს, გახსოვთ როგორი უხეში, შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოიხსენიებდნენ ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს. დღეს ოპოზიციის რიტორიკა შეიცვალა, რადგან ტრამპი მათი გათვლებით, დიდი ალბათობით, იგებს არჩევნებს, თუმცა ვერავინ დაივიწყებს იმ უხეშ რიტორიკას, რომელსაც ისინი იყენებდნენ წლების განმავლობაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ცნობისთვის: 21 ივლისს ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ "დემოკრატიული პარტიის" და ქვეყნის ინტერესების გამო საარჩევნო მარათონს ეთიშება, პრეზიდენტად კენჭს აღარ იყრის და მხარს ვიცე–პრეზიდენტ კამალა ჰარისის კანდიდატურას უჭერს.

მანამდე, "რესპუბლიკურმა პარტიამ" დელეგატების ხმათა უმრავლესობით 78 წლის დონალდ ტრამპი წარადგინეს აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 5 ნოემბერს გაიმართება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები