პატრიკ ტერნერი: “NATO-ში აღარ სჯერათ, რომ საქართველოს გაწევრების მისწრაფებები გულწრფელია”
22/07/2024 06:12:14 პოლიტიკა
NATO–ს გენერალური მდივნის ყოფილი თანაშემწე პატრიკ ტერნერი, რომელიც უკრაინაში ალიანსის წარმომადგენლობის ხელმძღვანელად ახლხანს დაინიშნა, "რადიო თავისუფლებასთან" საუბრისას აცხადებს, რომ "NATO-ში აღარ სჯერათ, რომ საქართველოს გაწევრების მისწრაფებები გულწრფელია”.
კერძოდ, "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტის კითხავზე, "უკრაინისგან განსხვავებით, საქართველო საერთოდ აღარ არის ნახსენები NATO–ს დეკლარაციაში, არადა, ადრე ყოველთვის ხაზი ესმებოდა იმას, რომ ბუქარესტის სამიტზე გაცემული დაპირება ძალაშია, რომ უკრაინა და საქართველო NATO–ს წევრები გახდებიან. რას მოასწავებს ეს – ის ღია კარი, რომელშიც ვერა და ვერ შევაბიჯეთ, ახლა საერთოდ იხურება?", ტერნერმა შემდეგი განაცხადა:
"საქართველოს ჰქონდა მკაფიო დაპირება, რომ NATO–ს წევრი გახდებოდა, მაგრამ როდესაც NATO–ში გაწევრიანების მოწადინე ქვეყნები თავიანთ მიდგომებსა და გეზს ცვლიან, როდესაც შიდაპოლიტიკური ცვლილებები იწვევს დანარჩენი წევრების უნდობლობას, როდესაც მათ აღარ სჯერათ, რომ საქართველოს NATO–ში გაწევრიანების მისწრაფებები გულწრფელია, ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვება შედეგები. NATO–ს არ სჩვევია ზეწოლა, ის ძალით არავის მიათრევს ალიანსში. NATO–ს მიდგომა ასეთია - რასაც ვხედავთ კიდეც უკრაინასთან მიმართებაში - არსებობს სტანდარტები, რომელიც უნდა დააკმაყოფილოთ, ამის შემდეგ კი ალიანსი იმსჯელებს და კონსენსუსზე დაყრდნობით მიიღებს გადაწყვეტილებას. რაც შეეხება საქართველოს NATO–ში გაწევრიანებას, ვფიქრობ, სტანდარტებსაც რომ აკმაყოფილებდეთ, ეს მაინც რთული გამოწვევა იქნებოდა, როგორც მოკავშირეებისთვის, ასევე თავად საქართველოსთვის".


