ზელენსკიმ ბაიდენს "ლიდერობისა და მხარდაჭერისთვის" მადლობა გადაუხადა
22/07/2024 05:58:52 პოლიტიკა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი ქვეყნის სახელით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს "თავისუფლებისთვის უკრაინის ბრძოლის ურყევი მხარდაჭერისთვის" მადლობა გადაუხადა.
მას შემდეგ, რაც 21 ივლისს, ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ დემოკრატიული პარტიის და აშშ-ის ინტერესების გამო გადაწყვიტა მეორე ვადით კენჭი აღარ იყაროს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პატივს სცემენ მის რთულ, მაგრამ ძლიერ გადაწყვეტილებას.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ყოველთვის მადლიერი იქნებიან პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ლიდერობისთვის.
"ბაიდენმა უკრაინას მხარი დაუჭირა ქვეყნის ისტორიის ყველაზე დრამატულ მომენტში და მთელი ამ საშინელი ომის განმავლობაში განაგრძობს უკრაინის დახმარებას. უკრაინასა და მთელ ევროპაში სიტუაცია ისევ რთულია, ვიმედოვნებ, ამერიკის შემდგომი ძლიერი ლიდერობა რუსულ ბოროტებას არ მისცემს წარმატების მიღწევის შესაძლებლობას", – განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის წინააღმდგეგ ომში მყოფი უკრაინის ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 53 მილიარდ დოლარზე მეტის სამხედრო დახმარება გაუწია.
აშშ-ის დემოკრატიულმა პარტიამ 2024 წლის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატი აგვისტოში დაგეგმილ ყრილობაზე უნდა წარადგინოს.
რესპუბლიკური პარტიის კანდიდატია ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მან დეტალების დაკონკრეტების გარეშე არაერთხელ განაცხადა, რომ მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში, უკრაინაში ომს მალევე დაასრულებს.
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა "დემოკრატიული პარტიის" ყრილობისთვის, რომელზეც კანდიდატი ოფიციალურად უნდა დასახელდეს, მზადება პრეზიდენტობის პოტენციური კანდიდატის სტატუსით დაიწყო.
ყრილობა 19 აგვისტოს ჩიკაგოში გაიხსნება. ჰარისი, რომელიც ერთადერთი პრეტენდენტი არ არის, თანაპარტიელების მაქსიმალური მხარდაჭერის მოპოვებას თავის გუნდთან ერთად ცდილობს.


