დარჩიაშვილმა და სიიარტომ „საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
19/07/2024 14:38:22 პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, პიტერ სიიარტოს შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა და პიტერ სიიარტომ შეხვედრები გამართეს როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში.
"საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უნგრელ კოლეგას ევროკავშირის თავმჯდომარეობა მიულოცა, მან მადლობა გადაუხადა კოლეგას უნგრეთის მხრიდან საქართველოსა და მისი საგარეო პოლიტიკური მიზნების ურყევი მხარდამჭერისთვის.
შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და ამ მხრივ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები.
ილია დარჩიაშვილის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ხელისუფლება ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას აგრძელებს. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის ჩართულობის მნიშვნელობას შავი ზღვაზე დაკავშირებადობის გაძლიერების მიმართულებით, რაც განსაკუთრებით აქტუალურია არსებული გეოპოლიტიკურ გარემოში ალტერნატიული მარშრუტების უზრუნველსაყოფად.
„მხარეებმა იმსჯელეს სხვადასხვა სფეროში პარტნიორობის განმტკიცების მიზნით, სამომავლოდ გადასადგმელ ნაბიჯებზე, რისთვისაც კარგ საფუძველს იძლევა ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებული სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩო. ყურადღება გამახვილდა ვაჭრობისა და ეკონომიკის, ენერგეტიკის და სხვა სფეროებში არსებულ თანამშრომლობაზე. მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს მიერ მიღწეულ შთამბეჭდავ ეკონომიკურ მაჩვენებლებს.
დადებითი შეფასება მიეცა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის არსებულ ინტენსივობას.
უსაფრთხოების არსებული გამოწვევებზე საუბრისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.
შეხვედრის შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრებმა „საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ილია დარჩიაშვილის შეფასებით, შეთანხმება ორი ქვეყნის სავაჭრო და ეკონომიკურ თანამშრომლობას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და ახალ შესაძლებლობებს გააჩენს“, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის: მას შემდეგ რაც, როტაციის წესით, 1 ივლისიდან უნგრეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, მას დასავლეთთან ურთიერთობები კიდევ უფრო დაეძაბა. ევროკავშირის და NATO-ს წევრი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელმაც კრემლთან კარგი ურთიერთობა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგაც შეინარჩუნა, „სამშვიდობო მისიით“ 2 ივლისს იმყოფებოდა კიევში, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, ხოლო 5 ივლისს მოსკოვში მოლაპარაკება გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. ორბანმა ზელენსკის შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტა და ამის შემდეგ რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება, რაზეც უარი მიიღო. პუტინთან შეხვედრის შემდეგ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინის და რუსეთის პოზიციები ერთმანეთისგან ძალიან შორსაა, მაგრამ მუშაობა უნდა გაგრძელდეს. კიევის და მოსკოვის შემდეგ 8 ივლისს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეკინში ჩავიდა და მოლაპარაკება გამართა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან. ამის შემდეგ ვიქტორ ორბანი ფლორიდაში შეხვდა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს და პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპს.
ევროკავშირმა და NATO-მ განაცხადეს, რომ ვიქტორ ორბანი მათი სახელით და უფლებამოსილებით არ მოქმედებს.
ამავე თემაზე: POLITICO: ევროკავშირმა შესაძლოა, უნგრეთში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ბოიკოტი გამოუცხადოს
ევროკომისიამ უნგრეთის 6-თვიან თავმჯდომარეობას ბოიკოტი გამოუცხადა.


