
მთავრობა ანაკლიასთან დაკავშირებით პირობების გადახედვას გეგმავს
21/01/2020 06:52:44 ეკონომიკა
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ირწმუნება, რომ ანაკლიის პორტი პრიორიტეტულია, მთავრობა "ვერ დაუშვებს მეტ დაგვიანებას", ამიტომ ახალი ტენდერის გამოსაცხადებლად შესაბამისი პროცედურები "მალე დაიწყება".
„რაც შეეხება შემდგომ პროცედურას, ეს იქნება ისეთივე გამჭვირვალე, როგორც ჩვენი ყველა ნაბიჯი ამ პროექტთან მიმართებაში. გაცხადებული გვაქვს, რომ ძალიან მალე დავიწყებთ ახალი ტენდერის პროცედურებს. ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩვენი ჩართულობით გადახედავს პირობებს, რადგან პირობებმა 2017 წლის შემდეგ საკმაოდ დიდი მოდიფიკაცია განიცადა ინვესტორის სასარგებლოდ. ვფიქრობთ, აღნიშნული ტენდერი წარმატებული იქნება. დიდი იმედი გვაქვს, ძალიან მალე გამოჩნდება სხვა კომპანია გამჭვირვალე ტენდერის შედეგად“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
როგორც ეკონომიკის მინისტრი ამბობს, ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება.
„რა თქმა უნდა, ანაკლიის პორტი აშენდება, ეს ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტია და არაფერი შეუშლის ხელს“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ღრმაწყლოვანი ინფრასტრუქტურა საქართველოში ახლა იმდენად აქტუალურია, რომ „ეიპიემ ტერმინალსს“ და ფოთის პორტს ყოველთვის სურდათ, თავიანთი პროექტი განევითარებინათ, მაგრამ ამ ეტაპზე, კონცენტრაცია ანაკლიის პორტზეა.
საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება 9 იანვარს ოფიციალურად შეწყვიტა.
ხელშეკრულების გაწყვეტასთან დაკავშირებით, პორტის მშენებელ კომპანიას ტერიტორიიდან ტექნიკა უკვე გაჰყავს. როგორც საქართველოს პირველ არხს ანაკლიის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, დავით ჯავახაძემ განუცხადა, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულება აქვს, 30 იანვრამდე სახელმწიფოს დაუბრუნოს საინვესტიციო ტერიტორია, ტექნიკის გაყვანის სამუშაოები სწორედ ამ პროცესს უკავშირდება.
ამასთან, კონსორციუმი საარბიტრაჟო დავის წამოწყებას გეგმავს.