
სალომე ზურაბიშვილი და ვლადიმირ პუტინი საერთაშორისო ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას
20/01/2020 14:58:25 პოლიტიკა
21 იანვარს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის ცერემონიასა და მსოფლიო ჰოლოკოსტის მეხუთე ფორუმს დაესწრება,– იუწყება პრეზიდენტის პრეს–სამსახური.
ამავე წყაროს ცნობით, "ისრაელში დაგეგმილი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი შეხვედრებს გამართავს ისრაელის პრეზიდენტ რუვენ რივლინთან, ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტთან, კანადის გენერალ-გუბერნატორთან და ფორუმში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთან".
ღონისძიების ორგანიზატორების ცნობით, საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ 47 ქვეყნის პრეზიდენტები, სამეფო ოჯახების წევრები, პრემიერ–მინისტრები და პარლამენტის თავმჯდომარეები, მათ შორის იქნებიან კრემლის ლიდერი ვლადიმირ პუტინი, უკრაინის, გერმანიის და საფრანგეთისა პრეზიდენტები.
ისრაელში სამუშაო ვიზიტის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთის რესპუბლიკაში გაემგზავრება და 28 იანვარს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა.