Accentnews.ge
"ლელო", დოლიძის პარტია და ცუცქირიძის პოლიტიკური მოძრაობა საარჩევნოდ გაერთიანდნენ

"ლელო", დოლიძის პარტია და ცუცქირიძის პოლიტიკური მოძრაობა საარჩევნოდ გაერთიანდნენ

17/07/2024 17:28:32 პოლიტიკა

პარტია "ლელო საქართველოსთვის", ანა დოლიძის პარტია "ხალხისთვის" და პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლების მოედანი" საარჩევნოდ გაერთიანდნენ.

"ჩვენ არ ვართ პატარა ერი, არც პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენ ვართ დიდი ტრადიციების, დიდი ისტორიის ქვეყანა. რატომ არის გადამწყვეტი ბრძოლა: ასეთი კრიტიკული ზღვარი დამოუკიდებლობის მიღებიდან ჩვენს ქვეყანას არცერთ არჩევანზე არ ჰქონია. ჩვენი ქვეყნის არჩევანის ასეთი რადიკალური შემოტრიალება სხვა მიმართულებით, რასაც რუსული ჭაობი ჰქვია, არ დამდგარა ქვეყნის წინაშე. ამიტომ, ყოველგვარი გადამეტების გარეშე, არჩევნები, რომელიც მოდის 26 ოქტომბერს, არის წყალგამყოფი ოკუპანტის უღელსა და თავისუფალ სამყაროს შორის, ამისთვის ერთი რამეა საჭირო – ერთობა. ბრძოლა არის დიდი და ძლიერ საქართველოს გაერთიანების გარეშე ვერ დავაყენებთ ფეხზე", – განაცხადა "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ აღნიშნა, რომ "ახლა არ არის დრო, ჩვენ ვეძებოთ ავთანდილი, ტარიელი, როსტევანი, ნესტან-დარეჯანი ან ვიღაც სრულყოფილი ადამიანები, დღეს ძალიან სერიოზული საქმე გვაქვს ყველას გასაკეთებელი":

ზუსტად სამი თვის წინ, აქ, რიყეზე შეკრებილმა 300 ათასმა ადამიანმა და მათმა ოჯახებმა, პოლიტიკოსებს მოგვცეს ერთი დავალება - შეცვალეთ ხელისუფლება იმისათვის, რომ მოხდეს საქართველოს საბოლოო დეოკუპაცია და განხორციელდეს ქართველი ხალხის გეოპოლიტიკური არჩევანი. ეს დავალება ასი წლის წინ გასცა ჩვენმა ბოლშევიკებისგან ნაწამებმა კათოლიკოს-პატრიარქმა, ამბროსი ხელაიამ, როცა მან მიმართა თავის წერილში საერთაშორისო საზოგადოებას და უთხრა, ორი რამ გვინდა: საქართველოს დეოკუპაცია და ის, რომ მოგვეცეს ქართველებს საშუალება ვიცხოვროთ ისე, როგორც ჩვენ გვინდა. მაშინაც და დღესაც, ერის არჩევანი იყო ევროპა. დღეს ჩვენ, ვინც აქ ვართ, გადავდგით ერთი ნაბიჯი ამ დავალების შესასრულებლად, ეს ნაბიჯია ძალების გაერთიანება იმისათვის, რომ ეს ამოცანა განხორციელდეს. ყველამ, ვინც აქ ვართ, შეიძლება რაღაც დავთმეთ, პიროვნული გემოვნება გვერდზე გადავდეთ, მაგრამ ახლა არ არის დრო, ჩვენ ვეძებოთ ავთანდილი, ტარიელი, როსტევანი, ნესტან-დარეჯანი ან ვიღაც სრულყოფილი ადამიანები, დღეს ძალიან სერიოზული საქმე გვაქვს ყველას გასაკეთებელი. ჩვენ ვართ განსხვავებულები, შეიძლება რაღაც საკითხებში აზრთა სხვადასხვაობაა, ეს აზრთა სხვადასხვაობა გამოვლინდება, მაგრამ ეს სხვადასხვაობა არის ჩვენი ტრადიციების და ჩვენი კულტურის სიძლიერე“.

"დღეს დაიბადა ძალიან მნიშვნელოვანი ახალი პოლიტიკური ოჯახი ქართული პოლიტიკური ლანდშაფტის შუაგულში, ის, რასაც ქართველი ამომრჩეველი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა, უფრო სწორად, მოითხოვდა და მე მოხარული ვარ, ამაყი ვარ იმით, რომ ასეთ თანამებრძოლებთან, ასეთ პროფესიონალებთან, ასეთ პატრიოტ ადამიანებთან ერთად შემოვდივარ ამ საქმეში. [...] საქართველოს სიძლიერე არის არა რუხ ფერებში გამოწყობილ ერთპარტიულ მონოტონობაში, არამედ მრავალპარტიულობაში, მრავალხმიანობაში, მრავალფეროვნებაში, ადამიანების ურთიერთპატივისცემაში, განსხვავებულთა ერთობაში, ერთად შემოქმედებაში და ეს არის სწორედ მრავალპარტიული დემოკრატია, ამისთვის ვიბრძვით ჩვენ და ეს კოალიცია, ეს ახალი ერთობა სწორედ ამის ნიშანია. ჩვენ შორის შეიძლება ბევრი განსხვავება იყოს, მაგრამ ფუნდამენტური ფასეულობები, ის ხედვა ჩვენი ქვეყნის დღევანდელი ვითარების, არის საერთო და ეს ფუნდამენტი არის ძალიან მყარი. საქართველოში იწყება ახალი ეპოქა, ქართველი ხალხი მოითხოვს ცვლილებებს და გვაქვს ამბიცია, რომ ვიქნებით ამ ცვლილებების მთავარი შემოქმედები. აქ შეიკრიბნენ ადამიანები, რომლებმაც იციან, როგორ აკეთონ თავისი საქმე, არ ეშინიათ ბრძოლის და ეს არაერთხელ დაუმტკიცებიათ. ამაზე კარგ პოლიტიკურ გაერთიანებას დღეს თქვენ საქართველოში ვერ ნახავთ. იყავით ჩვენ გვერდით, ვიბრძოლოთ ერთად. არ შეგვეშინდეს, არ დაგვეზაროს, არ დავიღალოთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ", – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

თავდაპირველად ხსენებული სუბიექტების გაერთიანების თაობაზე ინფორმაცია ტელეკომპანია "ფორმულამ" გაავრცელა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S