
ადვოკატი: ამნისტიის კანონპროექტის მუხლების გაფართოების მოთხოვნით პატიმრებმა შიმშილობა დაიწყეს
16/07/2024 10:40:01 საზოგადოება
ამნისტიის კანონპროექტის მუხლების გაფართოების მოთხოვნით პატიმრებმა შიმშილობა დაიწყეს.
უფლებადამცველი ნათია ჩხეტიანი "მთავარ არხთან" საუბრისას აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, ქუთაისის მე-2 პენიტენციურ დაწესებულებაში 20 პატიმარი შიმშილობს.
"როგორც გავიგე 20 პატიმარი შიმშილობს დღეის მდგომარეობით, აპროტესტებენ ამნისტიის კანონპროექტს პირველადს, რომელიც რეალურად ციხეში მყოფ პატიმრებს არ ეხებათ და ითხოვენ ამ კანონპროექტის გაფართოებას, რომ რაღაც დოზით თითოეულ პატიმარს შეეხოს შეღავათი. როგორც შევისწავლეთ, [ამნისტია] ეხება მსუბუქ მუხლებს, პირველ ნაწილებს, ნასამართლეობის არ მქონე პირებს და ასეთ პირებს, როგორც წესი, არც პროკურატურა, არც სასამართლო ციხეში არ უშვებს”, –აცხადებს ნათია ჩხეტიანი.
ამასთან, "მთავარი არხი" და ტელეკომპანია "პირველი" პატიმრების ოჯახის წევრებზე დაყრდნობით ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ქუთაისის გარდა, პატიმრები იგივე მოთხოვნით ქსნის, გლდანისა და რუსთავის ციხეებშიც შიმშილობენ.
"აქცენტი" შესაბამის უწყებებთან ცდილობს, გაარკვიოს სასჯელაღსრულების რამდენ დაწესებულებაში შიმშილობენ პატიმრები. კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.