რაიდერი: "შემაშფოთებელი რიტორიკაა, თითქოს აშშ ცდილობდა რეგიონში დაძაბულობის გამწვავებას, ეს აბსოლუტურად მცდარია"
16/07/2024 09:18:11 პოლიტიკა
"რუსეთია ის, ვინც დაძაბულობის გამწვავებას ცდილობს", - განუცხადა "ამერიკის ხმას" პენტაგონის პრეს-სპიკერმა პეტ რაიდერმა, საქართველოს მმართველი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენლის იმ განცხადებების შესახებ, რომელთა თანახმად, დასავლელი პარტნიორები თითქოს საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩათრევას ცდილობენ.
"ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში, გენერალ-მაიორი, პენტაგონის პრეს-სპიკერი ამბობს, რომ ამერიკა აფასებს იმ ორმხრივ ურთიერთობას, რაც საქართველოსთან წლებია აკავშირებს და დიალოგს განაგრძობს. თუმცა, გადაწყვეტილების მიზეზი ის შემაშფოთებელი რიტორიკა გახდა, რომლის მიხედვითაც, ამერიკა გამიზნულად ცდილობს რეგიონში ვითარების დაძაბვას.
სამწუხაროდ, მიღებულია გადაწყვეტილება ამ წვრთნების გადადების შესახებ, მისი გაუქმების შესახებ იმ ფაქტის გამო, რომ ჩვენ ვიხილეთ ძალიან შემაშფოთებელი რიტორიკა, რომელიც გულისხმობს ყალბ განცხადებებს, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატები გამიზნულად ცდილობდა რეგიონში დაძაბულობის გამწვავებას, რაც აბსოლუტურად მცდარია", - ამბობს პეტ რაიდერი და დასძენს, რომ ეს მიზანი არა ამერიკას, არამედ - რუსეთს აქვს.
"რუსეთია ის, ვინც ცდილობს უკრაინაში ამ კონფლიქტში დაძაბულობის გამწვავებას. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ გავაგრძელებთ იმ გზების ძიებას, თუ რა ორმხრივი ჩართულობა შეიძლება გვქონდეს საქართველოსთან. ვაფასებთ ჩვენს პარტნიორობას. ისინი [საქართველო] მნიშვნელოვან როლს ასრულებენ რეგიონში და განვაგრძობთ ამაზე ფოკუსირებას", - განუცხადა "ამერიკის ხმას" პეტ რაიდერმა.


