
ჩვენი ურთიერთობები უაღრესად რთულ დროს გადის – სამი ძირიდადი გზავნილი აშშ–დან
12/07/2024 17:40:49 პოლიტიკა
აქ ვიმყოფები განსაკუთრებულ რთულ დროს საქართველოს დემოკრატიული გზის და საქართველო – ამერიკის 32–წლიანი პარტნიორობის გათვალისწინებით,– განაცხადა მედიასთან საქართველოში გამართული შეხვედრების შეჯამებისას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ უზრა ზეიამ.
მან გაიხსენა, რომ ჰქონდა შეხვედრა საქართველოს პრემიერ–მინისტრთან, მანამდე ესაუბრა პრეზიდენტს, ცესკო–ს თავმჯდომარეს, მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს და გადასცა აშშ–ის სამი ძირითადი გზავნილი:
- „ამერიკის შეერთებული შტატები ძალზე შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, დეზინფორმაციით, რომელიც ვრცელდება მმართველი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ და საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ გზას, ასევე აზიანებს ჩვენს პარტნიორობას და აზიანებს ადამიანის უფლებებს საქართველოში“,– თქვა ზეიამ.
ამ კონტექსტშივე ახსენა მან „აგენტების კანონის“ პრობლემურობა, რომელიც „აზიანებს საქართველოს ხალხს, მათ შორის, ძლიერ სამოქალაქო ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა მიმართულებით – მხარს უჭერენ განათლებას, ჯანდაცვას, სოფლის მეურნეობას, მედიას“.
„სწორედ ამის შედეგად ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს გაწევრიანების პროცესი, რომელიც საკმაოდ დიდი ძალისხმევის შედეგად მიიღწა“,– თქვა მან.
სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ ანალოგიურად საგანგაშოა ძალადობა და დაშინება სამოქალაქო საზოგადოების წევრების, ოპოზიციური პარტიების წევრების და რომ „მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიერ დეზინფორმაციის გარცელება მისი ერთგული და ხანგრძლივი პარტნიორის მიმართ, როგორიცაა შეერთებული შტატები, მხოლოდ მტრის ინტერესებს ემსახურება“.
- აშშ–ის მეორე გზავნილია, რომ ის „მტკიცე მხარდამჭერია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის“:
„ყველა ქართველმა კარგად იცის, რომ რუსეთი საქართველოს 20%–ის ოკუპაციას ახორციელებს მეთექვსმეტე წელია. 2008 წლის 6–პუნქტიან შეთანხმბას არ ასრულებს. მე შევხვდი მამაც ქართველ ქალებს, რომლებსაც პუტინის აგრესიის შედეგად მოუხდათ საკუთარი სახლების დატოვება, იქცნენ დევნილებად. მოვისმინე მათი ისტორიები, ტანჯვები და იმავდროულად, მათი სიმტკიცე. აშშ გააგრძელებს დევნილების ჰუმანიტარული საჭიროებების მხარდაჭერას“.
- შემდეგი გზავნილის კონტექსტში მან ხაზი გაუსვა, რომ „32 წლის განმავლობაში აშშ ყველაზე დიდი მხარდამჭერია საქართველოსთვის რაც შეეხება დემოკრატიულ არჩევნებს და კანონის უზენაესობას, გამოხატვის თავისუფლებას“:
„მკაფიოდ ვამბობ, რომ აშშ მხარს არ უჭერს ერთ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, თუმცა ნამდვილად გვაქვს მოლოდინი, რომ უზრუნველყოფილი იქნება კონკურენტული და სამართლიანი პოლიტიკური პროცესი. გადაწყვეტილება კი საქართველოს მოსახლეობამ უნდა მიიღოს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ უფლებას, თავიანთი წარმომადგენლები აირჩიონ თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების შედეგად, ძალადობისა და დაშინების გარეშე“.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა პროცესის სამართლიანობისთვის ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეუფერხებელი მუშაობა.
დასკვნის სახით მან აღნიშნა, რომ „ამერიკელებს და ქართველებს განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებთ, რომელიც დამოუკიდებლობის და თავისუფლების სიყვარულს ეფუძნება“.
„ჩვენ ქართველ სტუდენტებს და პროფესიონალებს ვგზავნით აშშ–ში ყოველწლიურად. 6 000 ქართველი კურსდამთავრებული გვყავს, რომლებიც ლიდერები არიან თავიანთ საქმეში და ემსახურებიან დემოკრატიას.
ჩვენი ადამიანური კონტაქტები მჭიდრო და ურყევია და ეს ვიზიტისას მკაფიოდ დავინახე. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების უაღრესად რთულ დროს აშშ–ის ერთგულება საქართველოს მოსახლეობისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ ურყევია“.