Accentnews.ge
კოლომინა: არის შეშფოთება საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო თვეებში მიღებული გადაწყვეტილებების გამო

კოლომინა: არის შეშფოთება საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო თვეებში მიღებული გადაწყვეტილებების გამო

12/07/2024 07:03:34 პოლიტიკა

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა აცხადებს, რომ არსებობს შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო თვეებში მიღებული გადაწყვეტლებების გამო.

"2 დღის წინ მქონდა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან აქ, ვაშინგტონში და მე მას ვუთხარი, რომ ჩვენ აბსოლუტურად ერთგულნი ვართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მხარს ვუჭერთ ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, რისი სურვილიც, თქვენმა ხალხმა, ნათლად დაადასტურა ბოლო თვეების განმავლობაში. მაგრამ ამავე დროს, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ დაჩქარდეს რეფორმები და შეცვალოს კურსი უცხოური აგენტის გავლენის შესახებ კანონთან დაკავშირებით.

მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ განაგრძოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი ერთგულების დემონსტრირება. არის შეშფოთება იმ გადაწყვეტილებების გამო, რომლებიც საქართველოს მთავრობამ ბოლო თვეების განმავლობაში მიიღო და ჩვენ ამის შესახებ საჯაროდ ვუთხარით საქართველოს ხელისუფლებას. მე რამდენიმე ტვიტით გამოვეხმაურე კიდეც უცხოური გავლენის შესახებ კანონის დამტკიცებას. ეს კანონი და პოლიტიკური პოლარიზაცია, რომელიც საქართველოშია არ არის კარგი.

ჩვენ გვჯერა, რომ საქართველომ უნდა დააჩქაროს რეფორმები, ბევრი სამუშაოები უნდა გასწიოთ მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა ჩატარდეს თავისუფალ, გამჭვირვალე, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში. მივიღე ამის შესახებ დაპირება თქვენი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრისგან", – განაცხადა, ტელეკომპანია "ფორმულას" ცნობით, კოლომინამ.

ცნობისთვის: NATO–მ 10 ივლისს მიღებულ დეკლარაციაში საქართველოსთან მიმართებით ბუქარესტის სამიტის გადაწვეტილებისადმი ერთგულება აღარ დაადასტურა.დოკუმენტში, რომელიც ვაშინგტონში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გამოქვეყნდა, საქართველო მხოლოდ ერთი წინადადებით არის ნახსენები.

"ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს მთელი თავისი ძალები მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან, რომლებიც იქ განლაგებულია ამ ქვეყნების თანხმობის გარეშე", – მხოლოდ ამ ჩანაწერით ფიგურირებს საქართველო ალიანსის წლევანდელ დეკლარაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S