Accentnews.ge
დარჩიაშვილი: საიუბილეო სამიტი უფრო დატვირთულია გლობალური პოლიტიკური გზავნილებით, შესაბამისად, ყველაფერი ვერ მოხვდებოდა NATO-ს დეკლარაციაში

დარჩიაშვილი: საიუბილეო სამიტი უფრო დატვირთულია გლობალური პოლიტიკური გზავნილებით, შესაბამისად, ყველაფერი ვერ მოხვდებოდა NATO-ს დეკლარაციაში

11/07/2024 18:05:43 პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ეხმიანება ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ დეკლარაციას, რომელშიც საქართველო მხოლოდ ერთი წინადადებით არის ნახსენები.

მინისტრის თქმით, "საიუბილეო სამიტი უფრო დატვირთულია გლობალური პოლიტიკური გზავნილებით, შესაბამისად, ყველაფერი ვერ მოხვდებოდა NATO-ს დეკლარაციაში".

"დასრულდა ნატო-ს საიუბილეო სამიტი ვაშინგტონში, რომელიც, ვფიქრობ, იყო ძალიან შედეგიანი იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დაფიქსირდა წევრი და პარტნიორი ქვეყნების ძალიან ძლიერი ერთიანობა. საუბარი იქნა გამართული იმ გამოწვევებზე, რომელსაც დღეს მსოფლიო უსაფრთხოების თვალსაზრისით აწყდება და შესაბამისად, იყო ძალიან სიღრმისეული განხილვები, როგორ უნდა მოხდეს ერთობით და იმის დემონსტრირებით, რომ როგორც წევრი, ისე პარტნიორი ქვეყნები ერთად ცდილობენ ამ გამოწვევების დაძლევას. იყო ძალიან საინტერესო განხილვები. საქართველო ამ ოჯახის წევრია, საქართველოს მონაწილეობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობთ, რომ საქართველო გააგრძელებს ძალიან აქტიურ მუშაობას პარტნიორებთან იმისთვის, რომ მას ჰქონდეს კონკრეტული ხელშესახები შედეგები და პროგრესი ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით და ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო პარტნიორების მოწვევა ვაშინგტონში და მათ შორის საქართველოს ყოფნა ნატო-ს წევრ ქვეყნებთან ერთად.

ასევე, მქონდა შესაძლებლობა სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში, რომელიც გაიმართა სახელმწიფო მდივნის, ბლინკენის მოწვევით, მიმეღო მონაწილეობა, სადაც რა თქმა უნდა, მქონდა ასევე შესაძლებლობა კოლეგებთან ორმხრივ ფორმატებში მესაუბრა სხვადასხვა საკითხებზე, ორმხრივ ურთიერთობებზე და ზოგადად, გლობალური მნიშვნელობის გამოწვევებზე.

საიუბილეო სამიტი გამოირჩევა სხვა დანარჩენი სამიტებისგან. ყოველთვის უფრო დატვირთულია გლობალური პოლიტიკური გზავნილებით, და შესაბამისად, ყველაფერი ვერ მოხვდებოდა ამ დოკუმენტში. საქართველოს კომპონენტი არის უსაფრთხოების თვალსაზრისით მოხვედრილი. ჩვენ მადლობელი ვართ ალიანსის და ალიანსის ყველა წევრი ქვეყნის იმისთვის, რომ საქართველოს ოკუპაცია რუსეთის ფედერაციის მხრიდან ყოველთვის დგას ალიანსის დღის წესრიგში, ეს ასევე გამოიხატა ამ დოკუმენტში. დოკუმენტში ცალსახად არის მოწოდება საქართველოს დეოკუპაციის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ალიანსის ძალიან ძლიერი და კონსოლიდირებული მხარდაჭერა თავის დადებით ეფექტს მოიტანს ამ მიმართულებით", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მინისტრის თქმით, "საქართველო ოკუპირებული ქვეყანაა, უამრავი გამოწვევა აქვს და ხელისუფლება ცდილობს, აქტიურად მოახდინოს საერთაშორისო პარტნიორების კოორდინაცია და მობილიზება".

„ჩვენ მუხლჩაუხრელად ვმუშაობთ იმისთვის, რომ მიუხედავად პერიოდულად არსებული გამოწვევებისა და ეს ნორმალურია, ყველა ქვეყანას აქვს პერიოდულად სხვადასხვა დონის და მასშტაბის გამოწვევები, საქართველოც არ არის გამონაკლისი, ჩვენ ოკუპირებული ქვეყანა ვართ, გვაქვს უამრავი გამოწვევა და ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ გამოწვევების ფონზე, ძალიან აქტიურად მოვახდინოთ კოორდინაცია და მობილიზება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და გვაქვს ძალიან ძლიერი კომუნიკაცია ამ მიმართულებით პარტნიორებთან, პარტნიორები მხარს გვიჭერენ, ესმით ჩვენი გამოწვევების და აკეთებენ ყველაფერს, რომ ჩვენთან ერთად, ამ მიმართულებით გადადგან კონკრეტული ნაბიჯები", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის: NATO–მ 10 ივლისს მიღებულ დეკლარაციაში საქართველოსთან მიმართებით ბუქარესტის სამიტის გადაწვეტილებისადმი ერთგულება აღარ დაადასტურა.დოკუმენტში, რომელიც ვაშინგტონში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გამოქვეყნდა, საქართველო მხოლოდ ერთი წინადადებით არის ნახსენები.

"ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს მთელი თავისი ძალები მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან, რომლებიც იქ განლაგებულია ამ ქვეყნების თანხმობის გარეშე", – მხოლოდ ამ ჩანაწერით ფიგურირებს საქართველო ალიანსის წლევანდელ დეკლარაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S