კობახიძე: აშშ-ის და ევროკავშირის გადაწყვეტილება თავდაცვის სფეროში თანხების გამოყოფის შეჩერების თაობაზე სამწუხაროა, არ პასუხობს ჩვენს მოლოდინებს ურთიერთობების გადატვირთვაზე
11/07/2024 07:13:47 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამწუხაროს უწოდებს ევროკავშირის და აშშ–ის გადაწყვეტილებას, საქართველოსთვის თანხების გამოყოფის თაობაზე და ამბობს, რომ ეს არ პასუხობს მოლოდინს "ურთიერთობების გადატვირთვის" შესახებ.
როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ქართული მხარე მზად არის "შემხვედრი ნაბიჯებისთვის" ურთიერთობების გადატვირთვის მიმართულებით.
„მინდა, გამოვეხმაურო აშშ-ის და ევროკავშირის გადაწყვეტილებას, თავდაცვის სფეროში თანხების გამოყოფის შეჩერების თაობაზე. ეს გადაწყვეტილება არის სამწუხარო, რამდენადაც ის არ პასუხობს ჩვენს მოლოდინებს ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით. გასული 4 წლის პოლიტიკური მოვლენების ფონზე, ამ ურთიერთობებს ნამდვილად სჭირდება გადატვირთვა, ამისთვის ქართული მხარე, ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი სახელმწიფო თავიდან ბოლომდე მზად არის და ვართ შემხვედრი ნაბიჯების მოლოდინში. ასეთი გადაწყვეტილებები კი არის კონტრპროდუქტიული ურთიერთობების გადატვირთვის თვალსაზრისით, თუმცა მე კვლავაც ვიტოვებ იმედს, რომ მომავალში გადაიდგმება პრაგმატული, რაციონალური, სწორი, სამართლიანი ნაბიჯები და სწორედ, ასეთი ნაბიჯები შეუწყობს ხელს ურთიერთობების გადატვირთვას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის, ჩვენ ვართ მზად ამისათვის,“- განაცხადა პრემიერმა.


