ბათუმში პუტინის Z-სიმბოლოიანი რუსი ტურისტები გამოჩნდნენ
10/07/2024 10:42:03 პოლიტიკა
ტელეგრამ-არხებში აქტიურად ვრცელდება ბათუმში გადაღებული ფოტოები, რომელზეც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის მადიდებელ Z-სიმბოლოიან მაისურებში გამოწყობილი რუსი ტურისტების ქალაქის ქუჩებში თავისუფლად გადაადგილებაა ასახული.
ბლოგერი ნიკოლაი ლევშიცი წერს, რომ ასეთ მაისურებში გამოწყობილი მოზარდებისა და ზრდასრულების საკმაოდ დიდმა ჯგუფმა დაუბრკოლებლად ისეირნა ბათუმის ქუჩებში, ბულვარში, ხოლო შემდეგ ასევე დაუბრკოლებლად გაემართა ურეკისკენ.
"გამვლელებს, რომლებიც რუს ტურისტებს შესაბამის კითხვებს უსვამდნენ, ისინი აგრესიულად პასუხობდნენ - "რაშიც გვინდა და როგორც გვინდა, ისე ვსეირნობთ და ვისეირნებთ - თქვენი საქმე არააო!". ემუქრებოდნენ კიდეც - "თუ ბევრს იხტუნებთ, საკადრისს მიიღებთო". ინციდენტის თვითმხილველებმა პოლიციაც იხმეს, თუმცა მან რუსი ტურისტები დიდის პატივით გააცილა სასტუმროსკენ" - წერს ლევშიცი.


