სამადაშვილი: ვაგრძელებთ კონსულტაციებს
09/07/2024 14:44:43 პოლიტიკა
სამმა ოპოზიციურმა პარტიამ („ახალი“, „დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“) 9 ივლისს გაერთიანების შესახებ გამოაცხადა, თუმცა მათ შორის, მიუხედავად მოლოდინისა, არ აღმოჩნდა "ლელო".
"ხალხი ელოდება არამხოლოდ ორპოლუსიანობის დარღვევას, არამედ ელოდება ასევე სიახლეს და ახალი ვერ იქნება კარგად დავიწყებული ძველი, ჩვენ ყოველ შემთხვევაში ასე გვჯერა" - თქვა თემის კომენტირებისას "ლელოს" ერთერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა.
ამიტომ, მისი თქმით, გრძელდება კონსულტაციები "სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან, სხვადასხვა აქტიური მოქალაქეების ჯგუფებთან".
"ფორმულას" კითხვაზე, იგულისხმება თუ არა "თავისუფლების მოედანი" ახალ სახეებზე საუბრისას, ის ამბობს, რომ არ დაკონკრეტდება.
"ჩვენ ვნახეთ მათ შორის რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომ ძალიან აქტიური საზოგადოება ჰყავს ჩვენს ქვეყანას, ძალიან აქტიურად იბრძოლა მოქალაქეების ბევრმა ჯგუფმა და აპირებს, რომ იბრძოლოს რუსული რეჟიმის დასამარცხებლად.
საბოლოო ჯამში, ეს რუსული რეჟიმი უნდა დაამარცხოს ქართველმა ხალხმა და აქტიურმა საზოგადოებამ. ლელო ფიქრობს, რომ ჩვენ მხოლოდ გამტარი ვართ, როგორც პოლიტიკური პარტია, სწორედ აქტიური მოქალაქეების მობილიზაციისთვის" - თქვა სამადაშვილმა.


