"ახალი", "დროა" და "გირჩი-მეტი თავისუფლება" ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას ქმნიან
09/07/2024 11:32:35 პოლიტიკა
"ახალი", "დროა" და "გირჩი-მეტი თავისუფლება" ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას ქმნიან.
"ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს ისტორიის და იმ უმნიშვნელოვანესი მომენტის მიმართ, რომელიც დღეს უდგას საქართველოს, გადამწყვეტი მომენტისთვის, რომელიც განსაზღვრავს მის მომავალს და გამომდინარე აქედან, ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ არჩევნებზე გამოვიდეთ ერთად", - განაცხადა "ახალის" თანათავმჯდომარემ ნიკა გვარამიამ.
"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ქართული საზოგადოება რუსული საფრთხის წინაშე გაერთიანდა, იბრძოლა და მსოფლიოს აჩვენა, რომ საქართველო არ არის და არ იქნება რუსეთი. მისი თქმით, ახლა ტესტი პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა ჩააბაროს.
"მომავალი არჩევნები არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ საზოგადოებამ, რომელმაც იბრძოლა და მიაღწია წარმატებას, საზოგადოებას შევთავაზოთ არჩევანი. მე მესმის, რომ შეიძლება ყველას სიმპათია ყოველთვის ვერ იყოს დაკმაყოფილებული, მე მესმის განსხვავებების, ჩხუბის, მესმის ემოციების, მაგრამ ყველაზე მეტად მესმის და ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ ოპოზიციამ, ჩვენ საზოგადოებას უნდა შევთავაზოთ არჩევანი და ეს არჩევანი არის ერთობა", – განაცხადა მან.
როგორც "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აღნიშნავს, "26 ოქტომბერს ამ რეჟიმის შეცვლა არის პრინციპული საკითხი და ისტორიული ამოცანა".
"რეჟიმის შეცვლის მიღწევისთვის არის სამი რამ გასაკეთებელი: მაქსიმალური მობილიზაცია საქართველოს მოქალაქეების როგორც ქვეყნის შიგნით, ისევე ქვეყნის გარეთ საარჩევნო ყუთებთან 26 ოქტომბერს; ხმების დაცვა და ისეთი კონფიგურაცია ოპოზიციურ ფლანგზე, რომელიც არ მისცემს საშუალებას რუსულ რეჟიმს, რომ კრიტიკულად განწყობილი ხმები წაიღოს თვის ყულაბაში. მე მჯერა, რომ საბოლოო ჯამში ოპოზიციურ ფლანგზე ძალების კონსოლიდაცია ეხმიანება ამ სამივე ამოცანას და ამ ამოცანას ჩვენ შევასრულებთ, ჩვენ ოქტომბერში გავიმარჯვებთ", –განაცხადა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის: 8 ივლისს „ნაციონალური მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ახალი პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ წარადგინეს. პლატფორმას უერთდებიან დეპუტატები თამარ კორძაია და არმაზ ახვლედიანი, ასევე, ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე და დიპლომატი გია ჯაფარიძე, სამოქალაქო აქტივისტები – ლაშა დიაროვი და ანა მოსაძე.
წევრები ასევე იქნებიან გიორგი ვაშაძე, ზაზა ბიბილაშვილი, სოფო ჯაფარიძე, ირაკლი ფავლენიშვილი.


