
მიხეილ დაუშვილი – პრემიერის მისამართით შეძახილებზე: როდესაც მოქალაქეებზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობ, შემდეგ ეს რეაქცია აღარ უნდა გაგიკვირდეს
03/07/2024 09:20:34 პოლიტიკა, საზოგადოება
"როდესაც მოქალაქეებზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობ, შემდეგ ეს რეაქცია აღარ უნდა გაგიკვირდეს", - ასე გამოეხმაურა „გახარია საქართველოსთვის” წევრი დეპუტატი მიხეილ დაუშვილი გუშინ გამართულ ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მისამართით შეძახილებს.
კერძოდ, ღონისძიებაზე სახელწოდებით „საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს“ შეკრებილი ზოგიერთი გულშემატკივრის მხრიდან პრემიერის მისამართით უკმაყოფილო შეძახილები გაისმა.
"ეს არის იმის შედეგი, როგორც იქცეოდა, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე თვე, იქცეოდა „ოცნება“. კობახიძეზე რა გითხრათ - რაც არის, ეგ არის. ჩვენს მოქალაქეებს ძალიან კარგი ხედვა აქვთ, ვინ არის კატეგორიულად მიუღებელი და ვინ მისაღები ფიგურა. საერთოდ, არანაირი ძალადობა უკვალოდ და უშედეგოდ არ ქრება. ეს არის იმ აგრესიისა და ძალადობის კონკრეტული შედეგი, რომელიც „ოცნებამ“ ჩვენი მოქალაქეების მიმართ განახორციელა. გუშინ ამის შედეგი დავინახეთ. ცალსახად მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან სამწუხაროა. “ოცნება” რა დონემდე დაეშვა, რომ ეს ვნახეთ გუშინ და როგორი მიუღებელი გახდა ხალხისთვის", - განაცხადა დაუშვილმა.