
POLITICO: ტრამპი ფიქრობს გარიგებაზე, რომლის თანახმად, NATO უარს იტყვის ახალ წევრებად უკრაინისა და საქართველოს მიღებაზე
03/07/2024 07:02:24 პოლიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი NATO-სთან მომავალი ურთიერთობის გეგმას ამზადებს, რომლის განხორციელება პრეზიდენტად ახალი ვადით არჩევის შემთხვევაში სურს, - იუწყება POLITICO ტრამპის გუნდის წარმომადგენლებზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, წყაროებს შორის არიან დონალდ ტრამპის გუნდის წარმომადგენლები, მათ შორის ექსპერტები, რომლებიც ტრამპის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში მუშაობდნენ.
"პრეზიდენტად დონალდ ტრამპის მეორე ვადით არჩევა NATO–სთვის ცვლილებების გარეშე არ დასრულდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ტრამპი ოფიციალურად არ გადაწყვეტს ალიანსიდან გასვლას. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის კონსულტანტების გუნდში მიმდინარე მსჯელობის შესახებ ინფორმირებულმა ექსპერტმა დენ კოლდუელმა მოსალოდნელ ცვლილებებს „რადიკალური რეორიენტაცია“ უწოდა. ტრამპი ფიქრობს გარიგებაზე, რომლის თანახმად, ნატო უარს იტყვის აღმოსავლეთით შემდგომ გაფართოებასა და ახალ წევრებად უკრაინის და საქართველოს მიღებაზე. გარდა ამისა, ტრამპს რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან აქვს მოლაპარაკება იმის შესახებ, უკრაინის ტერიტორიის რა ნაწილის თავისთვის დატოვება შეუძლია მოსკოვს", – იუწყება POLITICO.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 5 ნოემბერს ჩატარდება. რესპუბლიკელების კანდიდატი ისევ დონალდ ტრამპია, ხოლო დემოკრატების - ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.