
UEFA-ს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის უსაფრთხოდ ჩატარებაში საქართველოს შსს–ს თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ
02/07/2024 08:48:23 საზოგადოება
შსს–ს ცნობით, UEFA-ს 2024 წლის ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და საზოგადოებრივ საქმეთა ფედერალურ სამინისტროსა და ფედერალური პოლიციის ინიციატივით, საქართველოს ეროვნული ნაკრების ასპარეზობის პერიოდში, 14 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარებული მატჩების დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღეს.
უწყების ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის ორი თანამშრომელი, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ცენტრში (IPCC EURO2024), უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა.
ასევე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ორ-ორი თანამშრომელი სტადიონებზე, მობილური ჯგუფის სახით, საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშების დროს, მონაწილეობდა ადგილობრივი პოლიციის შესაბამისი დანაყოფების ხელშეწყობის ოპერაციებში - საქართველოს ნაკრების გულშემატკივართა თავშეყრის ადგილებსა და მათ მიერ ორგანიზებულ მსვლელობებში.
გარდა ამისა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ათი თანამშრომელი, ყოველდღიურად სხვადასხვა ქალაქის აეროპორტებსა და რკინიგზის სადგურებზე გერმანელ პოლიციის ოფიცრებს ქართველ გულშემატკივართან ეფექტურ კომუნიკაციასა და მართლწესრიგის დაცვაში დახმარებას უწევდნენ.