რუსეთი "ზემო ლარსის" "ჩრდილოეთი-სამხრეთის" პროექტში ჩაბმას გეგმავს
30/06/2024 08:10:29 პოლიტიკა
ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის (რუსეთი) ხელმძღვანელი სერგეი მენიაილო "ზემო ლარსის" გამშვები პუნქტის (საქართველო-რუსეთის საზღვარი) საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფან "ჩრდილოეთ-სამხრეთში" შესაძლო ჩართვის შესახებ იუწყება.
როგორც მენიაილო სოცქსელში წერს, ამ საკითხზე უკვე მიმდინარეობს მუშაობა რუსეთის მეწარმეთა კავშირთან.
ცნობისთვის:
- საერთაორისო სატრანსპორტო დერეფანი "ჩრდილოეთი-სამხრეთი" უზრუნველყოფს რუსეთის საექსპორტო-საიმპორტო კავშირს ირანთან, ხოლო შემდგომ - ტრანზიტით ინდოეთთან, სპარსეთის ყურისა და სამხრეთ აზიის ქვეყნებთან. იგი როგორც სარკინიგზო, ისე საავტომობილო და საზღვაო გზებს მოიცავს. დერეფნის ჯამური სიგრძე 7200 კილომეტრია - რუსეთის ჩრდილოეთის უმსხვილეს პორტ სანქტ-პეტერბურგიდან ინდოეთის უმსხვილეს პორტ მუმბაიმდე.
- დასავლური სანქციების პირობებში რუსეთი ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილის გამოყენების კუთხით დიდ პრობლემებს წააწყდა. ამ პირობებში "ჩრდილოეთ-სამხრეთის" დერეფანი მოსკოვისთვის სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. რუსეთის მთავრობა აქტიურად მუშაობს მის გაფართოებაზე, დერეფანში ახალი მიმართულებებისა და პუნქტების ჩაბმაზე.
- "ზემო ლარსი" - ეს ერთადერთი მოქმედი სახმელეთო გადასასვლელია, რომელიც რუსეთს საქართველოსა და სომხეთთან აკავშირებს.
"რუსეთის მეწარმეთა კავშირის პრეზიდენტმა ალექსანდრე შოხინმა სამრთლიანად აღნიშნა, რომ ზემო ლარსის გავლით ტვირთნაკადის სახმელეთო ხაზი არაჩვეულებრივად ჩაეწერება "ჩრდილოეთ-სამხრეთის" პროექტში და იქნება არა უბრალოდ გვერდითი განშტოება, არამედ კიდევ ერთი სრულფასოვანი მაგისტრალი" - წერს მენიაილო.
მისივე ინფორმაციით, "აქ მოცული იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი - ტვირთების, მათ შორის მალფუჭებადი ტვირთების შენახვისა, რისთვისაც სატრანსპორტო-ლოგისტიკური ცენტრებია საჭირო".
"ვგულისხმობ ჩვენი რესპუბლიკის ტერიტორიაზე ტვირთების კონსოლიდაციისა და შენახვის ცენტრების ჩამოყალიბებას. რა თქმა უნდა, ეს ძალზე მასშტაბური და ამბიციური პროექტია, მაგრამ თუ მის განხორციელებას შევძლებთ, ეს ჩვენი ეკონომიკის განვითარებას წარმოუდგენელ ბიძგს მისცემს" - ასკვნის მენიაილო.


