
„ქართული ოცნება“ არჩევნებამდე ამნისტიის გამოცხადებას გეგმავს
28/06/2024 12:23:24 პოლიტიკა
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ აპირებს, მიიღოს ამნისტიის კანონი, რომლითაც ციხეებიდან პატიმრებს გაათავისუფლებენ. არჩევნებამდე მისაღებ კანონზე პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ისაუბრა.
„უკვე არის შედგენილი სია შესაბამისი მუხლებისა და პუნქტებისა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან, რომელიც შეიძლებამ უკავშირდებოდეს ამნისტიის წესით პირთა გათავისუფლებას“, -განაცხადა კობახიძემ.
მანვე აღნიშნა, რომ ამ პროცესში ჩართულია იუსტიციის სამინისტრო.
პრემიერის თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს ციხეებში 10 ათასამდე პატიმარია, რაც აღემატება ევროპულ მაჩვენებელს.
„ახლო მომავალში სერიოზულად უნდა შემცირდეს პატიმართა რაოდენობა იმისათვის, რომ დავუახლოვდეთ ევროპულ მაჩვენებელს. ამისთვის სასურველი იქნებოდა პატიმართა რაოდენობის ერთი მესამედით შემცირება. ვფიქრობთ, რომ ამნისტიის კანონი, რომელიც მომზადებულია, ამ მიზნის მიღწევაში სერიოზულ წვლილს შეიტანს“, - ამბობს პრემიერი.
ირაკლი კობახიძის თქმით, ამნისტიის კანონპროექტს პარლამენტს უახლოეს დღეებში წარუდგენენ, ივლისში შესაძლებელი იქნება მისი პირველი მოსმენით მიღება, ხოლო სექტემბერში - უკვე საბოლოო, მესამე მოსმენით.
ცნობისთვის: პრემიერის მიერ დასახელებული თარიღიდან რამდენიმე კვირაში, 26 ოქტომბერს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი.