
კობახიძის თქმით, ივანიშვილმა ნაკრებს პირველი 30 მილიონი გადასცა
27/06/2024 18:53:04 პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პორტუგალიასთან მოგებული მატჩისა და ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს პირველი 30 მილიონი ლარი უკვე გადასცა. ამის შესახებ პრემიერიმა 27 ივნისს ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძემ აღნიშნა, რომ ჯილდოს შესახებ ფეხბურთელებს შეხვედრის დროს უთხრეს. მისივე სიტყვებით, ნაკრების წევრებს შეახსენეს, რომ იგივე განმეორდება მომდევნო თამაშის მოგების შემთხვევაშიც.
"ეს ჯილდო დამატებით მოტივაციას შექმნის. უკვე გადაეცა ნაკრებს პირველი 30 მილიონი, რომელიც იყო დაწესებული ჯგუფიდან გასვლისთვის და ჩვენ როცა შევხვდით ნაკრების მოთამაშეებს, შევახსენეთ, რომ შემდეგი თამაშიც არის დაკავშირებული ასეთ ჯილდოსთან და ეს კიდევ უფრო მეტად შექმნის მოტივაციას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, დამატებით მოტივაცია ფეხბურთელებს არ სჭირდებათ, ძალიან დიდია მათში ჟინი და მოგების სურვილი შემდეგ თამაშზეც. ეს ყველაფერი არის შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთი არის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი, ყველაფერი არის შესაძლებელი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.