
პრემიერი: ხვიჩა კვარაცხელიას გადაეცა ჯილდო, როგორც უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს
27/06/2024 18:34:35 პოლიტიკა, საზოგადოება
პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას ჯილდო გადასცეს, როგორც "უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს". ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ბოლო დღეებში, ყველა ფეხბურთით, ყველა სპორტით ცხოვრობს და დღევანდელი დღეც ამით იყო გამორჩეული. დღეს, ხვიჩა კვარაცხელიას გადაეცა ჯილდო, როგორც უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს. დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი, სახელმწიფოს ვალია დიასპორაზე ზრუნვა, უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე ზრუნვა და მათი საქართველოსთან კავშირის შენარჩუნება, დამყარება, სახელმწიფო მოქმედებს, სწორედ, ამ პასუხისმგებლობით. დღევანდელი დღეც არის ამის გამოხატულება, დღეს დაჯილდოვდა არა ერთი დიასპორის წარმომადგენელი იმ განსაკუთრებული დამსახურებისთვის, რომელიც მათ მიუძღვით ქვეყნის წინაშე. საკუთარი საქმიანობით ეს ადამიანები აძლიერებენ ჩვენს ქვეყანას, გააქვთ ქვეყნის სახელი საზღვრებს გარეთ და მათი საქმიანობა იმსახურებს დაფასებას,“- აღნიშნა პრემიერმა.
ცნობისთვის: საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა პორტუგალია ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის გოლებით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა.
ფეხბურთში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატს ოცდაოთხი მონაწილე ნაკრებიდან თექვსმეტი საუკეთესო შემორჩა და მათ შორის საქართველოს ნაკრებიცაა.
მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა კიოლნში 30 ივნისს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.