პარლამენტმა ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონპროექტები პირველი მოსმენით დაამტკიცა
27/06/2024 09:46:36 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტმა ჰომოფობიური კანონპროექტების პაკეტი, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ პირველი მოსმენით, ერთხმად, (78 ხმით) მიიღო.
პროექტი, მათ შორის, გულისხმობს ცვლილებას „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებას. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, შესაძლოა, დაწესდეს სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, თუ ის ეხება, მაგალითად, ცილისწამებას, პირისპირ შეურაცხყოფას, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებას, უხამსობას და ა.შ.
ცვლილებების შემდეგ დაუშვებელი ხდება „საჯაროდ ისეთი შეკრება ან/და მანიფესტაციის ჩატარება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ“.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, მაუწყებლები ვალდებული იქნებიან, არ გაავრცელონ ისეთი რეკლამა და ინფორმაცია, რომლებიც მიმართულია ლგბტ „ურთიერთობებისა და ინცესტის პოპულარიზაციისკენ“. გარდა ამისა, ლგბტ სექსისა და ინცესტის ამსახველი კადრების ტელეეთერში გაშვება აიკრძალება.
ოპოზიციის დიდ ნაწილს პარლამენტში ბოიკოტი აქვს გამოცხადებული. ისინი სხდომებს ე.წ. აგენტების კანონის მიღების შემდეგ აღარ ესწრებიან.


