
უცხოური მედია– საქართველოს ნაკრების მერვედფინალში გასვლაზე: "ევროპის ჩემპიონატის ყველაზე დიდი შოკი, რონალდუს იმედგაცრუება და დიდებული კვარაცხელია"
27/06/2024 07:16:10 საზოგადოება
უცხოური მედია საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გასვლის ფაქტს ეხმიანება. მსოფლიოს ყველაზე ცნობილი გამოცემები ქართველების ორგანიზებულ თამაშზე მიუთითებენ და წერენ, რომ ევროპის ჩემპიონატის ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე გუნდმა ყველა პესიმისტური პროგნოზის მიუხედავად, ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა.
"საქართველო-პორტუგალია 2-0, "ევრო 2024"-ის ყველაზე დიდი შოკი, რონალდუს იმედგაცრუება და დიდებული კვარაცხელია", - წერს The New York Times.
CNN იუწყება, რომ 26 ივნისის ღამე "ფეხბურთის უდიდესი ღამე იყო საქართველოს ისტორიაში":
"გელზენკირხენში, სტადიონის შიგნით ისეთი ხმამაღალი ღრიალი გაისმა, რომ შესაძლოა, ეს ხმა თბილისშიც ისმოდა. მსოფლიოში 74-ე ადგილზე მყოფი და ოთხ მილიონზე ნაკლები მოსახლეობის ერისთვის ეს იყო ფეხბურთის უდიდესი ღამე ქვეყნის ისტორიაში".
The Independent მატჩს დეტალურად მიმოიხილავს და აღნიშნავს, რომ "საქართველომ გააოგნა პორტუგალია, კრიშტიანუ რონალდუს უგოლო სერია გრძელდება. 28-ე წუთზე მას ყვითელი ბარათიც აჩვენეს".
"ეს შესანიშნავი მიღწევაა საქართველოსთვის, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისთვის, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატია, მაგრამ ამჟამად ჩაძირულია პოლიტიკურ არეულობაში სადავო "უცხოური გავლენის" კანონის გამო", - იტყობნება France24.
ცნობისთვის: საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა პორტუგალია ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის გოლებით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა.
ფეხბურთში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატს ოცდაოთხი მონაწილე ნაკრებიდან თექვსმეტი საუკეთესო შემორჩა და მათ შორის საქართველოს ნაკრებიცაა.
მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება.