მედია აშშ–ის მიერ სანქცირებულ ქართველ მაღალჩინოსნებზე წერს
25/06/2024 14:38:15 პოლიტიკა
მედიამ გაარკვია სამი პირის ვინაობა, რომლებიც სავარაუდოდ, მოხვდნენ აშშ–ის სანქცირებულთა სიაში.
კერძოდ, გამოცემა "ნეტგაზეთის" ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო სანქცია დაუწესა "ქართული ოცნების" დეპუტატსა და პოლიტსაბჭოს წევრ დიტო სამხარაძეს.
გარდა ამისა, "მთავარი არხის" ცნობით, აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაშია "ქართული ოცნების" დეპუტატი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.
ხოლო "TV პირველის" ინფორმაციით, აშშ-ის სანქციები შეეხო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილს, იგივე "ხარებას" და მის ოჯახს.
18 ივნისს საქართველოში აშშ-ს ელჩმა რობინ დანიგანმა თქვა, რომ ადამიანებს, რომლებსაც ვიზა აქვთ, ეცნობათ, რომ მათი ვიზა ვალიდური აღარ არის, ხოლო მათ , ვისაც ვიზა არ აქვთ, მას ვეღარ მიიღებენ.
"აგენტების კანონის" მიღების შემდეგ აშშ-მა დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის 6 ივნისს სანქცების პირველი პაკეტი გამოაცხადა და სავიზო შეზღუდვები დაუწესა 30–მდე პირს, მათ შორის, "ქართული ოცნების" წევრებს, დეპუტატებს, დეზინფორმაციის გამავრცელებლებს, სამართალდამცველებსა და მათი ოჯახის წევრებს.


