Accentnews.ge
ვენეციის კომისია გენდერული კვოტირების გაუქმებასა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესს აკრიტიკებს

ვენეციის კომისია გენდერული კვოტირების გაუქმებასა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესს აკრიტიკებს

25/06/2024 12:15:57 პოლიტიკა

ვენეციის კომისია გენდერული კვოტირების გაუქმებასა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესს აკრიტიკებს. ამის შესახებ ნათქვამია კომისიის მიერ გამოქვეყნებულ მოსაზრებაში.

"გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ სახელმწიფოს დადებით ვალდებულებადაა აღიარებული. 2020 წელს ქალებისთვის გენდერული კვოტების შემოღება, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციურად ცნო, ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაციებს შეესაბამებოდა. კვოტები ისე გაუქმდა, რომ არ მომხდარა მათი ჩანაცვლება სხვა ზომებით, რომელიც ქალი კანდიდატების არჩევას შეუწყობდა ხელს. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ქვეყანას შეუძლია, თავად გადაწყვიტოს, თუ როგორ გააუმჯობესოს გენდერული თანასწორობა დემოკრატიულ ინსტიტუტებში, მათ შორის პარლამენტში, დადასტურდა, რომ გენდერულ კვოტებს შეუძლია, გავლენა მოახდინოს ქალთა საპარლამენტო წარმომადგენლობაზე და რომ ისინი არ ეწინააღმდეგება თანაბარი ხმის უფლების პრინციპს, თუ მათ აქვთ კონსტიტუციური საფუძველი, როგორც საქართველოში. შესაბამისად, ვენეციის კომისია რეკომენდაციას იძლევა, რომ მიღებულ იქნას სპეციალური დროებითი ზომები პარლამენტსა და ადგილობრივ საბჭოებში (საკრებულოებში) ქალთა წარმომადგენლობის გასაუმჯობესებლად, როგორიცაა გენდერული კვოტების ან სხვა აღიარებული მეთოდების ხელახალი შემოღება ქალი კანდიდატების არჩევის გასაადვილებლად, რათა მოხდეს არჩეული ქალების პროცენტული რაოდენობის არსებითი გაზრდა.

გარდა ამისა, ვენეციის კომისია შეშფოთებულია იმის გამო, რომ ცვლილებები მიღებულ იქნა დაჩქარებული წესით, წინასწარი საჯარო კონსულტაციების გარეშე და საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს სახალხო დამცველის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების შეშფოთების განხილვის გარეშე.

უფრო მეტიც, ცვლილებები პოლიტიკური პარტიების კანდიდატთა სიებში აქტუალურია არჩევნების შედეგისთვის და მათი მიღება 2024 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე სერიოზულ შეშფოთებას იწვევს საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობასთან დაკავშირებით", – ნათქვამია კომისიის მოსაზრებაში.

ამასთან, ვენეციის კომისია, აცხადებს რომ შეშფოთებულია იმის გამო, რომ მისი არც ერთი რეკომენდაცია, თუნდაც ნაწილობრივ, არ იქნა გათვალისწინებული საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში შესული ცვლილებების შესახებ, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესს ითვალისწინებს.

"კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ხსენებული ცვლილებები აშკარად არასაკმარისია კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესის უზრუნველსაყოფად, რაც გადამწყვეტია ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისთვის და ამ ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობისთვის", – ნათქვამია მოსაზრებაში.

ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობის პრინციპის საწინააღმდეგოდ, არჩევნებამდე ერთი წლით ადრე საარჩევნო კანონის ასეთი ფუნდამენტური ელემენტების ცვლილება გამართლებული იქნებოდა მხოლოდ კომისიის ძირითადი რეკომენდაციების დაცვის პირობით, უფრო ფართო, მათ შორის ოპოზიციის მხარდაჭერის შემთხვევაში.

"შემაშფოთებელია, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი წინა რეკომენდაცია ჯერ კიდევ არ იქნა გათვალისწინებული და რომ არჩევნები კვლავ ჩატარდება იმ საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე, რომელსაც კვლავ აქვს მთელი რიგი ხარვეზები. დასასრულს, ვენეციის კომისია იმეორებს თავის რეკომენდაციებს, რომლებიც შეიცავს, მათ შორის მოწოდებას უფრო ყოვლისმომცველი რეფორმების შესახებ, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო ვალდებულებებსა და სტანდარტებს და ითვალისწინებს წინა რეკომენდაციებს და ეფუძნება ფართო კონსენსუსი ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარესთან ფართო საჯარო კონსულტაციის შემდეგ. რადგან საქართველო მუშაობს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გასაგრძელებლად, კომისია მოუწოდებს ხელისუფლებას, „გამოიყენონ ეს, როგორც იმპულსი დემოკრატიული პროცესის შემდგომი გაძლიერებისათვის“, – ნათქვამია მოსაზრებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S